რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგზე დრონებით იერიში მიიტანეს. იერიშს 65 წლის ქალი და 43 წლის კაცი ემსხვერპლნენ.
„ცხრა თვის გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს. ის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე განჟა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ზელენსკიმ საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას „ცინიკური და ყველანაირ სამხედრო აზრს მოკლებული“ უწოდა.
ამასთან, შეტევები ხარკოვში, შევჩენკოს და ხოლოდნოგორსკის რაიონებზე განხორციელდა.
აფეთქებები ისმოდა პოლტავაშიც.
წინა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 მაისს სამდღიანი ზავის ვადა ამოიწურა და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს განაახლებს.