“ტერაბანკმა” 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

“ტერაბანკსა” და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. FMO-ს ფინანსირებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად, 12,5 მლნ დოლარი გამოიყო.
ხელშეკრულებას ხელი “ტერაბანკის” გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა მოაწერეს. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, “ტერაბანკს” და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა იწყება, რაც დაფინანსების გარდა, მოიცავს FMO-ს მხრიდან “ტერაბანკისთვის” კონსულტაციების გაწევას, ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, “ტერაბანკი” ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.
ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა. ცერემონიას  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, ტერაბანკის ბიზნესკლიენტები და პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.
“ტერაბანკი” უკვე 18 წელია, რაც ბაზარზეა, თუმცა “ტერაბანკის” სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს – დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.
ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და  საჯარო-კერძო პარტნიორობას წარმოადგენს. კომპანიის წილების 51%-ს  ჰოლანდის სახელმწიფო ფლობს, ხოლო 49%-ს – კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი, როგორც Fitch-საგან, ასევე, Standard & Poor’s-საგან.
სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე, ცოდნისა და კავშირების გაზიარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები