“ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის ბრალდებულთან ერთად, წლების განმავლობაში თეთრუაშვილის ჩამოშორებას ცდილობდა”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის Skype-ით დაკითხვა დასრულდა. საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის, ბრალდებულთან ერთად, წლების მანძილზე ცდილობდა შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორებას.
“თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და ამის შემდეგ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გადაწყვიტა თეთრუაშვილის მოკვლა”, – განაცხადა გუბელაშვილმა.
პროკურორის თქმით, ოხანაშვილმა ისიც თქვა, რომ ბრალდებულს შორენა თეთრუაშვილი სძულდა. ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა კი განაცხადა, რომ სოსო ოხანაშვილის ინფორმაციით, თეთრუაშვილმა გველის შხამი მასაც სთხოვა .
“სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა, რაზეც პატრიარქმა სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სხვადახვა მღვდელმთავრის თხოვნის გამო, მან თეთრუაშვილი არ გაათავისუფლა”, – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
დღეს დეკანოზის საქმეზე 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი – ტარას შავშიშვილიც დაიკითხა. ადვოკატ ანა ლომიძის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს, აეროპორტში გამგზავრებამდე, ნივთები გადასცა და რომ “ნივთებს შორის ციანიდი არ იყო, იყო ღვინო და საბუთი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები