ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი დღეს დაიკითხება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის დაკითხვას ადვოკატები 14:00 საათზე „სკაიპის“ მეშვეობით გეგმავენ და აღნიშნა, რომ დაკითხვის უზრუნველსაყოფად, დაცვის მხარე მზად არის.
პროკურორების თქმით კი მათ ოხანაშვილთან დაკავშირება სცადეს, თუმცა ოჯახის წევრებმა განმარტეს, რომ ის ჩვენებაზე უარს ამბობს. მათივე თქმით, პროცესზე დაიკითხება დეკანოზის მეგობარი, რომელიც ბრალდებულმა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, ამ მოწმეს ბრალდებულმა გარკვეული სახის ნივთები გადასცა.
“აღნიშნული მეგობარი დეკანოზმა, ვიდრე დააკავებდნენ, მანამდე ნახა. ის ბრალდებულს საპატრიარქოს შესახებ სტატიების მომზადებაში ეხმარებოდა. რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. სოსო ოხანაშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარია და ჩვენ მასთან ბევრი კითხვა გვაქვს. გარდა ამისა, ვკითხავთ, თუ რატომ განაცხადა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.