უფასო სამედიცინო აქცია რუსთაველებისთვის

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკის აქცია ჩატარდა. სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის „სკენარის“ ექიმებმა სპეციალური ხელსაწყოების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, გონებრივი ჩამორჩენის და დაუნის სინდრომის სპექტრის ბავშვებს, ასევე, ინსულტგადატანილ და დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.
„რუსთავის კლინიკას სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის, „სკენარის“ ექიმები ეწვივნენ. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობს განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს და დღეს რუსთავის მცხოვრებთ საშუალება ეძლევათ, უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები მიიღონ პროფესიონალი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ.
სამედიცინო ცენტრის – „სკენარის“ მთავარი ექიმის, ბადრი ჯალაღონიას ინფორმაციით, მსგავსი აქციები რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კლინიკაში პერიოდულად ტარდება.
„სპეციალური აპარატურით, სკენართერაპიის სამკურნალო მეთოდებით, გამოკვლევის მიზნით, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კლინიკა „რუსთავში“ უფასო გამოკვლევები ტარდება. პაციენტების დიაგნოსტიკა, ფსიქოლოგის და ლოგოპედის კონსულტაცია ახალი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით ტარდება. აღნიშნული პროცედურები მსოფლიოს 38 ქვეყანაში უკვე დანერგილია და იგი საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს“, – აღნიშნა სამედიცინო ცენტრის – „სკენარის“ მთავარმა ექიმმა, ბადრი ჯალაღონიამ.
უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილე პაციენტებმა და ბავშვების მშობლებმა აქციის ორგანიზატორების მიმართ მადლიერება და მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებების შემდგომშიც გამართვის სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები