მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 6 გერმანელი ექსპერტი, პროფესიული განათლების მასწავლებლების დახელოვნების მიზნით, სამოდელო გაკვეთილებს და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.
პროექტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შემუშავდა, პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას და მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.
მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შემდეგ, სპეციალობებში მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა განხორიელდება. გერმანელი ექსპერტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას გერმანიაში, კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობის დამყარებაში დაეხმარებიან, რათა პროფესიული განვითარების მიზნით,  ქართველ პედაგოგთა გერმანიაში მივლინება გახდეს შესაძლებელი.
მოდულური და დუალური სწავლების პროცესში, ევროპული გამოცდილების დანერგვის გაზიარება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ევროპის ქვეყნებში.
საერთაშორისო ექსპერტის, გერალდ ვეტცელის განცხადებით, ექსპერტები ტურიზმის სფეროს მოიცავენ, რაც გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს:
„ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი გერმანიისა და საქართველოს პროფესიული სასწავლებლები დამეგობრდებიან, შედეგად, ქართველ სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად გაგზავნონ. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ საქართველოს ქართული პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში“, – განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა, გერალდ ვეტცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები