იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს საფასურის გადახდა ოპერატორთან “თიბისი ბანკის” პოსტერმინალებით შეეძლებათ

დღეიდან, იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და “თიბისი ბანკს” შორის უკვე მოეწერა ხელი. საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე “თიბისი ბანკის” პოსტერმინალი განთავსდა, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს “თიბისი ბანკმა” გადასცა, სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორებაა დაშვებული.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორებთან “თიბისი ბანკის” პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული. მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან, ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.
„ჩვენ გავაგრძელეთ წარმატებული თანამშრომლობა იუსტიციის სახლთან და როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებელს, პოსტერმინალით გადახდა უკვე სამოქალაქო რეესტრის სერვისებზეც გავხადეთ შესაძლებელი. ამით მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ, მათ უკვე შეუძლიათ, მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით ადგილზევე, ოპერატორთან გადაიხადონ, უკვე აღარ არის საჭირო თანხის გადასახდელად ბანკის ფილიალში წასვლა და რიგში ჩადგომა. “თიბისი ბანკისთვის” მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, რათა დავუზოგოთ მათ დრო და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი,” – განაცხადა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები