პრემიერმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას წარმატებული უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში 13-14 ივლისს, ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის” წარმატებულს უწოდებს და მისი ორგანიზებისთვის სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეს მადლობას უხდის.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არც ერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია ასეთი მასშტაბის არ ყოფილა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთისა და ლენარტ მერის კონფერენციის თანამონაწილეობით.
„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე; ასევე – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რომელიც გამოყოფს რესურსებს აჭარაში, ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1.5 მლნ ევრო და 5.5 მილიონი ევრო არის საკრედიტო დაფინანსება. ნაწილი იქნება ელექტროავტობუსები, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები