დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუშვას

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ანგარიშში, კერძოდ, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში, ცალკეა გამოყოფილი რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რამაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება გამოიწვია. ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პროცესი, მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა.
ანგარიში საუბრობს ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც სულ უფრო და უფრო რთულდება მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებითა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით. ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თავის ანგარიშში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
“რუსეთის ქმედებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოიწვია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება ორივე რეგიონში. გაიზარდა ზეწოლა გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე უარის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების გზით. მკაცრად შეიზღუდა ქართულენოვანი განათლება და მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ზღუდავს ეთნიკური ქართველების ცხოვრებისა და საკუთრების უფლებებს. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთსა და ორივე რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეუშვან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა, ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები