NDI: საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს

NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და ამავე დროს, წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს ახორციელებს.
„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა. ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია და რეფორმები, რომლის მიზანიც „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედიასივრცით; არაფორმალური მმართველობით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.
პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
მათივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული.
„ამ ამბიციებისა და ფართო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გათვალისწინებით, დელეგაციამ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოკვეთა. საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ, იმ პირობებში, როცა, ერთი შეხედვით, პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები