დავით ნარმანია: არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება

ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი მოსაზრებები. როგორც ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში შეხვედრა გაიმართება.
”გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი მოსაზრებები. მათი გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხს ეხება და ხალხზე უარყოფითად აისახება. ასე რომ, ყველა ადამიანს შეუძლია იყოს მშვიდად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერი დღეს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის სხვა ადგილას გადატანას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები