გიორგი გახარია: ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, ის დამატებითი რესურსი და ენერგია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შესძინოთ ეკონომიკურ ცხოვრებას და ეკონომიკურ ზრდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენციის ჩატარება სახელმწიფო პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში გახსნილ „ჯეო კეპის“ საწარმოში განსაკუთრებით სიმბოლური და მნიშვნელოვანია.
„ჩვენ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და რა რისკებსაც და შესაძლებლობებსაც აგენერერირებს გლობალური ეკონომიკა, ჩვენც იმ გარემოში ვცხოვრობთ. ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა არის ჩვენი გამოწვევა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ჩართულობა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა მიმართულებებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში. გიორგი გახარიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „ექსპორტის სამკუთხედის“ მუშაობის პრინციპი გააცნო, ისაუბრა მისი განმახორციელებელი უწყებების ფუნქციებზე და იმ შედეგებზე, რაც ამ უწყებების ეფექტურმა კოორდინაციამ უნდა მოიტანოს. მინისტრის თქმით, „ექსპორტის სამკუთხედის“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი იქნება საელჩოების მეშვეობით, მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ხოლო რაც რაც შეეხება სამკუთხედის მესამე რგოლს, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, ის ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია და ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე.
ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის მიმართულებით ახორციელებს, რათა საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად გარდაიქმნას.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებას ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები