“თუკი პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია დემოკრატიის პირობების გაუარესებაზე, ჩვენ ამას ვერ მივიღებთ”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი პრეზიდენტის მიერ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თუ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება, ამას მმართველი გუნდი ვერ მიიღებს.
მისივე თქმით, რაკი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმთავითვე უშვებს მუნიციპალიტეტების გააერთიანებას, ესე იგი ეს არის კანონიერი და დემოკრატიული პროცესი.
“პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, დაგვჭირდება მოტივირებული შენიშვნების შინაარსს გავეცნოთ – რა ნაწილშია უთანხმოება, რა ნაწილშია განსხვავებული მოსაზრებები. პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად, ყურადღებით გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არა მგონია, რაიმე შენიშვნა იყოს. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად გადმოგვცა, აქ საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება. თუკი ეს არის სამოტივაციო ნაწილის ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. რაკი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმთავითვე უშვებს მუნიციპალიტეტების გაერთიანებს, ესე იგი, ეს არის კანონიერი და დემოკრატიული პროცესი“, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და  “საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალურ თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება: – ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთისა და ამბროლაურის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები