„განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშაობდეთ, ვერ იქნებოდა კარგი შედეგები, მით უმეტეს, რა განცხადებებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კეთდება“

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან და ამის მიხედვით იმსჯელებენ, რა იქნება მისაღები.
მისვე თქმით, რა განცხადებებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კეთდება, იმის მიხედვით მუშაობის შემთხვევაში,  კარგი შედეგები ვერ იქნებოდა.
“მოტივირებულ შენიშვნებს უნდა გავეცნოთ. რა თქვა პრეზიდენტმა ერთია და დოკუმენტი – მეორე. ჩვენ განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშაობდეთ, მერწმუნეთ, ვერ იქნებოდა კარგი შედეგები, მით უმეტეს, რა განცხადებებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, თუ რიგ შემთხვევებში, მისი მხრიდან გვესმის. ამიტომ, ვნახავთ მოტივირებულ შენიშვნებს, გავეცნობით და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, რა იქნება მისაღები და რა – არა”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც, როგორც მოსალოდნელია, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, თუმცა ”ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაიზიარებენ პრეზიდენტის შეთავაზებებს, თუ დაძლევენ ვეტოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები