შემოდგომაზე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქი რიგით მე-9 თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და ფესტივალის დირექტორმა, ეკატერინე მაზმიშვილმა მიაწოდეს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამა წარადგინეს.
„ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში, ადგილობრივებთან ერთად. ღონისძიებების ნაწილი გაიმართება ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრილ ამინდში, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები, ტურისტები  ისიამოვნებენ ამ ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თითქმის მთელი თვის განმავლობაში, იქნება ღონისძიებები“, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ფესტივალი 18 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალმა, სულ მოკლე ხანში, შეძლო, მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა და რეპუტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები