ვახტანგ მახარობლიშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის გახლეჩა ან მის შიგნით დაყოფა წამგებიანი იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლოა თუ არა საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განსაკუთრებული სტატუსი მოითხოვოს, პასუხად განაცხადა, რომ რაიმე სახით აღმოსავლეთ პარტნიორობის გახლეჩა ან მის შიგნით დაყოფა წამგებიანი იქნება ფორმატისთვის. მისივე თქმით, საქართველო, ევროინტეგრაციის მიმართულებით, რეფორმებს წარმატებით ახორციელებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, აერთიანებს 6 ქვეყანას, პარტნიორს, რომლებსაც შესაძლოა, სხვადასხვა მიზნები და პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს ევროკავშირთან. ეს არ არის ნაკლოვანება. პირიქით, გარკვეულწილად, საინტერესოც არის, რათა სხვადასხვა მიმართულებებით მოხდეს ევროკავშირთან თანამშრომლობა. საქართველოს აქვს უფრო მეტი ამბიცია და მოთხოვნები და უფრო წარმატებულადაც ახორციელებს რეფორმებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამას აღიარებენ კიდეც როგორც ბრიუსელში, ასევე, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში. შესაბამისად, რაიმე სახით აღმოსავლეთ პარტნიორობის გახლეჩა ან მის შიგნით დაყოფა წამგებიანი იქნება მთლიანად ამ პროექტისა და ფორმატისთვის. ამ ფორმატის უნიკალურობა მდგომარეობს მის ორ ძირითად პრინციპში – ეს არის ინკლუზიურობა და დიფერენციაციის პრინციპი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მისმა თითოეულმა ქვეყანამ აირჩიოს ის ტემპი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც სურს. შესაბამისად, ის, რომ შეიძლება რომელიმე ქვეყანას განსხვავებული ხედვა ჰქონდეს დღევანდელ დღეს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ხელს არ უშლის ჩვენს ქვეყანას, რომ უფრო სწრაფი ტემპით იაროს და უფრო მეტი მოითხოვოს ევროპული მხრიდან“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ნოემბერს დაგეგმილ სამიტს შეეხებოდა დღეს ამბასადორიალის შესაბამისი პანელი.
“გვქონდა დეტალური განხილვა ორმხრივ ფორმატში ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე, იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დღის წესრიგთან მიმართებით, რაც გვაქვს ევროკავშირთან, როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან შემდეგი წლების განმავლობაში. საუბარი გვქონდა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 24 ნოემბერს იგეგმება ბრიუსელში. ჩვენ ვიმსჯელეთ, რა ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ. ყველა წარმომადგენლობა ევროკავშირის და არა მხოლოდ ამ ქვეყნების იქნება მომართული, რომ ერთიანი გზავნილებით ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც შეიძლება, გვქონდეს სამიტისთვის. ჩვენი მოსაზრებით, სამიტს შეიძლება ორი კომპონენტი ახლდეს, ეს შეიძლება იყოს პრაქტიკული, ხელშესახები, შედეგზე ორიენტირებული სამიტი, რომელიც კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს მოუტანს მოქალაქეებს წევრ სახელმწიფოებში, თუმცა ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ სამიტს უნდა გააჩნდეს გარკვეული პოლიტიკური კომპონენტიც და მომავალზე ორიენტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს ელჩებთან საუბრის დღის წესრიგში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები