საპარტნიორო ფონდს OPIC- ის მმართველი დირექტორი ეწვია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მმართველ დირექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში, ქენეთ ენჯელს შეხვდა. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და გრძელვადიანი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სასტუმრო „რედისონ წინანდლის” პროექტს, რომელსაც ამერიკული კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ და “სილქროუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს; ამჟამად წინანდალში მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება. OPIC -თან თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობას.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მმართველ დირექტორთან ფონდის მენეჯმენტმა თანამშრომლობის ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.
საპარტნიორო ფონდსა და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან” (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის გაზაფხულზე გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია” (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში. ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით. OPIC-მ საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით, საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მიწვევით, 2016 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა.
OPIC- „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია” აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც შეერთებულ შტატებში, აგრეთვე – საზღვარგარეთ.
OPIC თავისი მისიის განსახორციელებლად, ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე, მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC–ს ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. კორპორაცია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებსაც მოიცავს. ამ სტანდარტების დაცვით, OPIC ესწრაფვის, დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოღვაწეობს.
OPIC-ს სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე, OPIC-მ 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. OPIC წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მ საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის” ქსელების ჩათვლით.
დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები