პოლონეთის ელჩი საქართველოში: ურთიერთობა ბრიუსელსა და პოლონეთს შორის მართლაც გამწვავებულია და მიზეზი ევროპული ინსტიტუტების იდეოლოგიაა
პოლონეთის ელჩი საქართველოში მაროუშ მაშკევიჩი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ბრიუსელსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მიზეზი ევროპული ინსტიტუციების იდეოლოგიაა.
„ურთიერთობა ბრიუსელსა და ჩვენ შორის მართლაც გამწვავებულია და ამის მთავარი მიზეზი ევროპული ინსტიტუტების იდეოლოგიაა. ჩვენ გვსურს ხალხის, ერების ევროპა და არა ევროკავშირის ევროპა. ჩვენ – პოლონეთსა და უნგრეთს – გვსურს, ევროკავშირი იყოს პროექტი, რომელიც ახლოს იქნება ქრისტიანულ ღირებულებებთან“,-ამბობს ელჩი.
როგორც მან აღნიშნა, პოლონელებისთვის და გერმანელებისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება იყო კარგი ევროპელი და ამავე დროს, თქვა, რომ ქრისტიანული ღირებულებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც ელჩმა აღნიშნა, დასაფიქრებელია ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ევროპულ ინსტიტუტებს შორის. „ჩვენ, პოლონელებს და გერმანელების დიდ ნაწილსაც, არ გვესმის, რატომ არ შეიძლება იყო კარგი ევროპელი და ამავე დროს, თქვა, რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები ჩვენი ცხოვრების, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია? რატომ არ უნდა გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც ევროპის ქრისტიანული ისტორია დგას ? მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებენ ლიბერალები, ფაქტია, რომ ახალი ევროპა, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს, უფრო კოლექტივიზაციის პრინციპებს ეფუძნება, რაც ძალიან გვაფიქრებს. ასევე გვაფიქრებს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ევროპულ ინსტიტუტებს შორის. არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც არ მოგვწონდა, როდესაც მოსკოვი აკეთებდა იმავეს. არ გვსურს, თავს ვგრძნობდეთ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონად, რომელსაც ბერლინი გადაუწყვეტს, რა გააკეთოს და საით წავიდეს“, -ამბობს პოლონეთის ელჩი მაროუშ მაშკევიჩი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.