პოლონეთის ელჩი: პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა

„დასავლეთში პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა“,-ამის შესახებ პოლონეთის ელჩი საქართველოში მაროუშ მაშკევიჩი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მთავარი მხარდამჭერია, მიაჩნია, რომ საქართველოსთვის წევრობის გასაღები ვაშინგტონში ინახება.
„პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებას ნატოს თითოეული წევრი ქვეყანა იღებს, კონსენსუსის მიღწევა კი პრობლემატურია, მაგრამ, ვფიქრობ, ისევე, როგორც პოლონეთის შემთხვევაში 18 წლის წინ, საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება“, – ამბობს პოლონეთის ელჩი.
ელჩმა პოლონეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დაცვა, რადგან გარკვეული შემთხვევის დროს, იმის ფუფუნება არ აქვთ, ნატოს რეაქციას დიდხანს ელოდონ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო ჩვენი შიდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლად რუსეთი გვყავს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა რუსეთის აგრესიის გამო საქართველოსა და უკრაინაში. ამიტომ, აუცილებელია, საკუთარი თავის დაცვა შეგვეძლოს. ჩვენ არა გვაქს იმის ფუფუნება, ნატოს რეაქციას დიდხანს ველოდოთ. გამოთვლების მიხედვით, რუსეთის სავარაუდო აგრესია, შესაძლოა, გაგრძელდეს 2-3 კვირა, ერთი თვეც კი და ამ ხნის განმავლობაში, მზად უნდა ვიყოთ, ჩვენვე დავიცვათ საკუთარი თავი. ამიტომ დავიწყეთ შიდატერიტორიული თავდაცვის სისტემის განვითარება“, – ამბობს პოლონეთის ელჩი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც „კვირის პალიტრაშია“ ნათქვამი, ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები, ამგვარი ქმედების გამო, საქართველოს აკრიტიკებენ, თუმცა ელჩს მიაჩნია, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ყველაფერს აკეთებს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„საქართველოს შიდა პოლიტიკის შეფასება ჩემგან მართებული არ იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემი შეფასებით, თქვენი თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ გააძლიეროს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები“,- განაცხადა მაროუშ მაშკევიჩმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები