ქართველი მსახიობი „სტელა ადლერიდან“, სადაც თავის დროზე მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო სწავლობდნენ…

თეატრის სამყაროს ბავშვობიდან ეზიარა… პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, დოკუმენტური კინოს სახელოსნოში გადადგა.
პირველი წარმატებაც სტუდენტობის წლებში მოვიდა… მისი სადიპლომო ფილმი:  „აგვისტო-2008 წელი“   ვისბადენის ფესტივალზე მაყურებლის რჩეული გახდა და გრან-პრი მიიღო. მანამდე იტალიური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე – CinemadaMare მისი  ფილმი „ისინი მოდიან“ საუკეთესო ფილმის დიპლომით აღინიშნა…
ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ სტუდია „სტელა ადლერში“ ეუფლება მსახიობის ოსტატობას… და ჰოლივუდის ვარსკვლავები ასწავლიან.
ამბობს, რომ  საინტერესო შემოქმედებით გეგმები აქვს და ახალი მიწვევების მოლოდინშია. – ანა ჩერქეზიშვილის პერსონა.

– დავიბადე 1987 წელს, 21 დეკემბერს, ჩემი მშობლები ხელოვნების სფეროში არ მოღვაწეობდნენ, მაგრამ ბავშვობაში, თეატრში ხშირად დამატარებდნენ. სწორედ ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში ზღაპარი ნაცარქექიაზე. მას მერე ამ სპექტაკლმა ჩემში ყველაფერი შეცვალა და ვიგრძენი სხვანაირი კავშირი სამყაროსთან.
ბავშვობიდან  ძალიან დაკვირვებული ვიყავი, მაშინ  სამოქალაქო ომის პერიოდი იყო, ვგრძნობდი, რომ არასასიხარულო გარემოში ვცხოვრობდით. როდესაც მშობლებმა თეატრში მიმიყვანეს, ამან გამახალისა და სხვა სამყაროში გადამიყვანა. ამის მერე ხშირად ვითხოვდი თეატრში წაყვანას, ან მულტფილმებს ვუყურებდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ფილმებსაც ვუღრმავდებოდი. ძალიან მომინდა ამ სამყაროსთან დაახლოება. როგორც კი კითხვა ვისწავლე,  მხატვრულმა ლიტერატურმა გამიტაცა, არჩილ სულაკაურის შემოქმედება  სულიერად მკვებავდა.
სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე გადავწყვიტე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შესვლა. გადავწყვიტე, დრო არ  დამეკარგა და  კინო-ტელე ფაკულტეტზე დოკუმენტური კინორეჟისურის სპეციალობით განვაგრძე სწავლა. დოკუმენტური კინოს სახელოსნოში  პროფესორი, ბატონი გია ჭუბაბრია იყო ჩემი ხელმძღვანელი. დავწერე თემა ბავშვობისდროინდელ მოგონებებზე, სოფელზე. ბატონ გიას ეს მოგონება მოეწონა, ჩათვალა, რომ ბუნებისადმი და მეგობრებისადმი ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, და მითხრა,  შენ ადამიანის ფსიქოლოგიაზე დაკვირვება გიყვარს და  ცხოვრების მიმდინარეობას დრამატული თვალით უყურებ, რაც კინოს გამოადგებაო.
– პირველი წარმატება საქართველოში მცხოვრებ ბოშებზე გადაღებულმა ფილმმა მოგიტანათ…
– პირველი დოკუმენტური ფილმი, რაზეც ვიმუშავე და წარმატება მომიტანა,  ბოშებზე იყო და ერქვა „7 წუთი ბოშებთან“.
დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რუსთავის ერთ-ერთ სოფელში აქტიური კომუნიკაცია მქონდა ბოშებთან. ფილმი, ძირითადად, ფოკუსირებული იყო ბოშა ქალების სოციალურ პრობლემებზე, რომლებსაც უჭირთ საზოგადოებასთან ინტეგრირება.
ამ ფილმმა „ინტერნიუსის“ მიერ მოწყობილ კავკასიური კინოს ფესტივალზე – „გზაჯვარედინი“ 2007 წელს პრიზი მიიღო. ეს იყო პირველი წარმატება, რამაც ძალიან გამახარა.
ამის შემდეგ ძალიან საინტერესო გოგონაზე, მარინა მიქიაშვილზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე.
და უკვე იტალიაში მუშაობა შემომთავაზეს. ასე გავემგზავრე  2010 წელს სამხრეთ იტალიაში.  გადაღებები სამხრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქებში მიმდინარეობდა, თემა იყო იტალიური კულტურა, საჭმელები, მათი ტრადიციები. ყოველი კვირის ბოლოს მზადდებოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები. იტალია, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, რაც კი მინახავს. ქალაქის მაცხოვრებლები სიხარულით ერთვებოდნენ გადაღების პროცესში.
ამის პარალელურად, ჩემი და პაკისტანელი რეჟისორის – კამრან ფაიქის ერთობლივი ნამუშევარი  შეიქმნა.  ფილმზე „ისინი მოდიან“ ასევე მუშაობდნენ: ხმის რეჟისორი  ნინო თევდორაშვილი და ოპერატორი ლევან მახარაძე.
ამ სურათმა იტალიური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე – CinemadaMare/„კინო და ზღვა“  საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მიიღო პრიზი. ეს არის ჩემი ჯერჯერობით ერთადერთი სამსახიობო ჯილდო და ძალიან მეძვირფასება.
ამ ფილმში შედგა ჩემი სამსახიობო დებიუტიც. პირველად ვითამაშე ფილმში… და თან გადავიღე. ამ ფილმის იდეა ასეთი იყო: წარსულის ცოდვები ერთ ადამიანს უბრუნდება, რომელმაც მეუღლე მოკლა. მე ვთამაშობდი მეუღლის როლს. რატომღაც დიდი დრამატული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე და ფილმმა გაიმარჯვა.
– თქვენმა სადიპლომო ნამუშევარმა აგვისტოს ომი ასახა…  ფილმმა „აგვისტო-2008 წელი“ –  გერმანიის ფესტივალზე გრან-პრი  აიღო…
– სადიპლომო ფილმი:  „აგვისტო-2008 წელი“   მთლიანად 2008 წლის აგვისტოს ომზეა. ეს არის შემზარავი ფაქტები უკომენტაროდ. ამ ფილმმა 2011 წელს გერმანიის ვისბადენის ფესტივალზე გაიმარჯვა.  გრან- პრი აიღო, როგორც საუკეთესო ფილმმა. ეს იყო მაყურებლის რჩეული ფილმი და პრიზი ფაქტობრივად მაყურებელმა მომანიჭა.
– თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტეთ, სამსახიობო მოღვაწეობა ამერიკაში…  ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ სტუდია „სტელა ადლერში“ ეუფლებით მსახიობის ოსტატობას…
– ამერიკაში წასვლამდე გავიარე ტრენინგი აუდიოვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო პროგრმაში პროფესორ ელისო ერისთავთან. კინოინდუსტრია ძალიან რთული ინდუსტრიაა ამერიკაში, რომ როგორც რეჟისორმა, ისე იმოღვაწევო. რადგან მე სამსახიობო გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტე თეატრი მეცადა…
ნიუ-იორკში ჩასული რამდენიმე თეატრალურ სტუდიაში მივედი… კასტინგი გავიარე და ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სტუდიაში „სტელა ადლერში“ მოვხვდი. სტელა ადლერი  ცნობილი ამერიკელი მსახიობი იყო, რომელმაც სკოლა რუსეთში სტანისლავსკისთან გაიარა, ძალიან უყვარდა ჩეხოვი და ფაქტობრივად თავისი სკოლა რუსული თეატრის კულტურაზე დააფუძნა. ამ სტუდიაში უამრავი ცნობილი მსახიობი, მათ შორის მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო სწავლობდნენ… ძალიან გამიხარდა, რომ გამიმართლა და ამ სტუდიაში აღმოვჩნდი.
როგორც კი შევედი ამ სტუდიაში, მაშინვე დავიწყე მუშაობა ისეთი ტიპის პიესებზე, რომლებიც ჩემთან ახლოს. მაგალითად, კულტურულად ვიყავი დაკავშირებული ჩეხოვთან. როცა უყურეს ჩემს წარმოდგენებს და სცენებს, მითხრეს,  ჩეხოვი იმდენად გათავისებული გაქვს. ძალიან ახლოსაა შენთანო.
თავდაპირველად ჩეხოვის პიესიდან „სამი და“  წარვადგინე სცენა, სადაც  ირინას ვთამაშობდი. ეს  ისტორია არისტოკრატ ქალებზეა. მეოცე საუკუნის დასაწყისია, გარდატეხა ხდება, ინდუსტრიული  სამყარო შემოდის და პერსონაჟებიც ვერ ხედავენ გასაქანს, დაბნეულები არიან…
ამ სცენის თამაშისას საკუთარი გამოცდილება გამოვიყენე. ეს ყველაფერი დავუკავშირე საქართველოს, თუ როგორ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, გავიარეთ სამოქალაქო ომი…  როგორ გაუგებარ ვითარებაში მოვხვდით, არ ვიცოდით, ევროპისკენ მივდიოდით თუ საბჭოთა კავშირში ვრჩებოდით… ჩემი ეს გამოცდილება დავუკავშირე ამ პერსონაჟს, რომელიც ძალიან რთულ პოლიტიკურ მომენტში, ასე ვთქვათ, გაჩერებული და შებოჭილია. არ იცის, როგორ გადადგას შემდეგი ნაბიჯები.  ეს აისახება მის პირად ცხოვრებაზეც. ვერ პოულობს სიყვარულს, ყველა დაძაბულია გარშემო. არ იციან, რა იქნება შემდეგ..  ძალიან მოეწონათ სიუჟეტის ჩემეული აღქმა…
შემდეგი სპექტაკლი იყო შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელშიც ვითამაშე არამთავარი როლი. ეს პერსონაჟი ხელოსანია.  მაგრამ ამით მთლიანად გავიცანი შექსპირის სამყარო. მომეწონა, რომ ენას ავუღე ალღო, რადგან შექსპირი ინგლისურ ენაზე ძალიან რთულია სამუშაოდ.
ამის შემდეგ „ბერნარდა ალბას სახლში“ მგლოვიარე ქალი ვითამაშე.
შემდეგი იყო ოვიდიუსის „მეტამორფოზები“,  აქ უკვე მთავარ როლს ვთამაშობდი, ადამიანისას, რომელიც ისტორიას ყვება.  ეს, შეიძლება ითქვას,  იყო  ჩემი მისია ამ სპექტაკლში, რომ  მომეყოლა ადონისის და ვენერას ისტორია.
„ოტელოში“ მამაკაცის როლი შეასრულეთ…
–  ამერიკაში შექსპირთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებენ  და ზოგჯერ ქალები თამაშობენ კაცის როლს. მე მომიწია დეზდემონას ბიძაშვილის, ლოდოვიკოს როლის შესრულებამ. მისი მისიაა, ბოლო სცენაში აუხსნას მას, რომ  განუმეორებელი შეცდომა ჩაიდინა, რომელიც არასოდეს ეპატიება.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ პერსონაჟზე მუშაობა, რომელიც სიმართლის მხარეს იყო. ძალიან ძლიერ ადამიანს, როგორიც ოტელოა, ფაქტობრივად, საკუთარი შეცდომების წინაშე დააყენებს.
ვფიქრობ, ნიუ-იორკული შემოქმედებიდან ყველაზე საინტერესო იყო სპექტაკლი „აკო დავიდი“. მე ვიმუშავე კომპანიასთან Dramatic Adventure Theatre-სთან ერთად.
ეს იყო ნიუ-იორკული კომპანია, რომელთან ერთადაც სამი თვის განმავლობაში სლოვაკეთში ვიმოგზაურეთ, სლოვაკეთში ბოშების საზოგადოებასთან ვმუშაობდით და მათი  ტრადიციებისგან ბევრი რამ ვისწავლე. მერე ამ ისტორიებზე  სპექტაკლი დავდგით.
ჩვენ, ყველანი, მსახიობების ჯგუფი,  პიესის ავტორი ვიყავით. რეჟისორი იყო ამერიკელი  ტომ კასტელო, რომელმაც ეს სტუდია ოსტატურად შეკრა ერთ გუნდად.
სამი თვის განმავლობაში ბოშებთან ერთად ვცხოვრობდით და თეატრალურ თამაშებს და თეატრის თეორიას სკოლაში ვასწავლიდით.
ვეწვიეთ პატარა სლოვაკურ სოფელს,  ვეხმარებოდით სახლების აშენებაში, ორი დღის განმავლობაში ვთხრიდით მიწას, აგურებს ვალაგებდით. ამან დამარწმუნა, რომ თეატრი არ არის მხოლოდ ის,  სადღაც  დადგე და წარმოდგენა გამართო. შენ შეგიძლია, აქტიურად ჩაერთო და დაეხმარო ხალხს.
შემდეგი სპექტაკლი – „ლატუნდას ისტორია“ ამავე კომპანიასთან ერთად დავდგით, ეს პროექტი სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორში განხორციელდა. სამხრეთ ამერიკაშიც ამ თეატრის კომპანიას ზუსტად იგივე სახის პროექტი ჰქონდა. რეჟისორი რაინა ვინემი.
ვმუშაობდით სკოლის ბავშვებთან და მათ თეატრის თეორიას ვასწავლიდით.  ამავე დროს,  ვსწავლობდით ეკვადორულ კულტურას და თან  ჩვენს პიესას ვქმნიდით. ეს პიესა ეკვადორული ზღაპარია და ერთ-ერთი ჯადოქრის ისტორიას ეფუძნება. მერე ნიუ-იორკში გაიმართა მისი პრემიერა.
და კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება  იყო სპექტაკლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ამ სპექტაკლს ერქვა: „ვიდლის ნამდვილი ფერები“…
სპექტაკლი ბიჭზეა, რომელიც ფერების ქალაქში დაიბადა.  ამ ბიჭს აქვს განსხვავებული ფერი. ამიტომ ამ ქალაქში და ამ საზოგადოებაში არ არის მიღებული. სპექტაკლი ასე მთავრდება – ეს ბიჭი იკარგება იმის გამო, რომ განსხვავებული ფერია, მაგრამ  ამ ქალაქში ყველა ხვდება, რამხელა დანაკლისია ეს ბიჭი და ყველას ენატრება.
ეს სპექტაკლი სპეციალურად ამ ბავშვებისთვის დავდგით და მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ყველაფერს განათებული თვალებით უყურებდნენ. დღემდე მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილებები, ძალიან კარგი მისია იყო ეს.
– სტუდიაში სწავლას გაისად დაამთავრებთ…
– უკვე მექნება კასტინგებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რომ მერე სხვა თეატრებში გადავიდე და თანდათან  უფრო მეტი გამოცდილება შევიძინო.
კინოშიც მინდა მოღვაწეობის გაგრძელება და თუ საშუალება მექნა, რეჟისურასაც დავუბრუნდები. მაგრამ ახლა ვცდილობ, როგორც მსახიობმა, რამდენსაც მოვასწრებ, თეატრსა და კინოში  გამოცდილება დავაგროვო. ეს სამომავლოდ დამეხმარება პროფესიონალიზმის ამაღლებაში და ამერიკაში მოღვაწეობაში.
–  თქვენი პედაგოგი, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანტონი ზერებია…
– ერთადერთი კავშირი, რაც ჰოლივუდთან მქონდა, ეს არის ცნობილი მსახიობი ანტონი ზერები, რომელიც იყო ჩემი პირადი მასწავლებელი.
მან ამარჩია ამ სტუდიაში, რომ ჩემთან  ემუშავა. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან შესანიშნავი ფსიქოლოგია და ძალიან საინტერესოდ გამაცნო ჩეხოვი.
ჩეხოვი ანტონი ზერეპისგან უფრო კარგად გავიგე, განსაკუთრებით გამოვარჩევდი პიესებს: „სამი და“, „ალუბლის ბაღი“. უამრავი სპექტაკლის მონოლოგებზეც ვიმუშავე.
ასევე მან ახლიდან გამაცნო ცნობილი ამერიკელი მწერალი და დრამატურგი  ტენესი უილიამსი, რომლის სამყაროც ასევე ძალიან კარგად დავინახე….
შემდეგ მქონდა შანსი, დავსწრებოდი ინტერვიუს ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ სკარლეტ იოჰანსონთან, სადაც კითხვების დასმის საშუალება მომეცა. ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირადად შეხვდა სტუდენტებს სამსახიობო ტექნიკაზე სასუბროდ… რომელიც ისევ და ისევ სტანისლავსკისგან, რუსული თეატრისგან მოდის. მოხარული ვარო, რომ ის, რასაც საქართველოში ვსწავლობთ, რუსული თეატრის სკოლაა, ამერიკაშიც  ფასდება და სამსახიობო ტექნიკის საძირკვლად მიიჩნევა….
– რას გეგმავთ მომავალში? იქ, სადაც მოღვაწეობთ, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქართველი ხართ…
– ვფიქრობ, დავრჩე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვიმოღვაწევო თეატრსა და კინოში. მე ჯერჯერობით ქართველებს ვერ ვხვდები იქ. ამ თეატრებში და კინოსფეროში, სადაც მე ვტრიალებ, მხოლოდ მე ვარ… გამიგია, რომ რამდენიმე ქართველი სტუდენტი სწავლობს სამსახიობოზე და იმედია, რომ მათ მალე გავიცნობ.
– საქართველოს იცნობენ ამერიკაში?
– ზოგი არ იცნობს. ზოგი იცნობს, მაგრამ ვინც იცნობს, მგონი, ჯერ კიდევ, ვერც ასხვავებენ რუსეთისგან…  ან მუდმივად ჩნდება ასეთი კითხვა, ევროპაშია თუ აზიაში?   ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ ჩვენ ჩვენი კულტურა გვაქვს, ორივე კულტურის ელემენტი გვაქვს, მაგრამ საქართველო როგორც უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანა, არის ცალკე, რაც ძალიან უკვირთ ხოლმე…
აბსოლუტურ გაოცებას იწვევს და ყოველთვის აინტერესებთ ქართული ენაც, რომელიც მათთვის ძალიან უცხოა…
ცნობილმა მსახიობმა ლინი მაკკორნიკმა ერთხელ მთხოვა, გადამეთარგმნა ინგლისური მონოლოგი ქართულად და მეთამაშა ჩვენს ენაზე. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან პირველად გაიგეს ქართულ ენაზე ამეტყველებული ტექსტი. გაოცებულები მიყურებდნენ, ეს არც რუსულია, არც ევროპულ ენას ჰგავს და შენ აბსოლუტურად სხვა ენაზე მეტყველებო…
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მივხვდი, რომ ენაც კი ძალიან ეუცხოვებათ.
ერთხელ  იბსენის ცნობილ სპექტაკლში  პატარა სცენაზე ვმუშაობდი რუს მეგობართან ერთად. როდესაც ინგლისურად ვთამაშობდით, ჩვენმა პედაგოგმა გაგვაჩერა, რაღაც არ მოეწონა, აბა, სცადეთ და  თქვენს ენაზე ითამაშეთ ეს ტექსტი, იმპროვიზაცია გააკეთეთო…
ამ გოგომ რუსულად და მე ქართულად გავაკეთე. უცებ ამან ისეთი ემოცია გამოიწვია ორივეში, რომ აბსოლუტურად გამოასწორა მთელი სცენა. იმას, რაც არ იყო სრულყოფილი და  ინგლისურად კარგად არ ჟღერდა, მშობლიურმა  ენამ სასწული მოახდინა და ემოციური მუხტი შესძინა.
მაშინ პედაგოგმა მითხრა, არასოდეს უარყო ის ფაქტი, რამხელა ემოციური ძალა აქვს შენს ენასო. მთხოვა, რომ დამენერგა ეს სტილი ჩემს მუშაობაში, მის რჩევას ხშირად ვითვალისწინებ და ძალიან მშველის…
– ჰობი…
– კითხვა  მიყვარს, ძალიან შემიყვარდა შექსპირი და მისი პიესები. მაინტერესებს მუზეუმები,  უზომოდ მიყვარს ბუნება, მოგზაურობა… პარკებში ვსეირნობ, თუ  სადმე რაიმე ახალს ვნახავ, ჩემზე ბედნიერი არავინ არის.
– ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში… გაიხსენეთ ადრინდელი და ახლანდელი თბილისი…
– ყოველი ჩამოსვლის დროს განსხვავებულ საქართველოს ვხედავ. ერთი წლის წინ რომ ჩამოვედი, პოლიტიკური ცვლილებების გამო უფრო დეპრესიული მომეჩვენა საქართველო.
ახლა რომ ჩამოვედი, მგონია, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. ხალხი უფრო გააქტიურებული ჩანს, თითქოს გადალახეს ის პოლიტიკური ცვლილებები და პროცესები, რაც იყო და ყველა  თავის ცხოვრებას, რეგულარული ცხოვრების წესს დაუბრუნდა. მოიხსნა შოკი, დეპრესია, რაც ბოლო წლებში იგრძნობოდა.  ახლა თითქოს ყველაფერი კალაპოტში დგება.
ჩემი აზრით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან დიდი ნაბიჯია, ფაქტობრივად, ქართული კულტურის აღიარება ხდება. ევროპა უკვე გზას უხსნის ქართულ კულტურას, რომელსაც ისინი კარგად არ იცნობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს მომავალი თაობებისთვის.
მე – ახალგაზრდას, რომელიც ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ჩვენი დიდი კულტურა და ისტორია ძალას მაძლევს და საკუთარი თავის რწმენას ბევრად მიმტკიცებს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები