საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 39 ახალგაზრდა სტაჟირებას გაივლის

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა ახალი ნაკადი მიიღო.
სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსის შედეგად, რომელშიც 630 ახალგაზრდა მონაწილეობდა, შეირჩა 39 სტაჟიორი, რომლებიც მიმდინარე წლის 17 ივლისიდან ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან.
საგამოძიებო სამსახურში ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადებული იყო ინსპექტორ-გამომძიებლის და გამომძიებლის პოზიციაზე. იურიდიული და ეკონომიური განათლების მქონე ახალგაზრდებმა გაიარეს კონკურსის შესარჩევი სამი ეტაპი – ტესტირება უნარ-ჩვევებში, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
შერჩეულ კანდიდატებს, პირველი სამი თვის განმავლობაში, თეორიული სწავლება ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩაუტარდებათ, ხოლო შემდგომი სამ თვის განმავლობაში, პრაქტიკულ მეცადინეობებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში გაივლიან.
სტაჟირების პერიოდში, ისინი გაეცნობიან საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურას, მისი საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკაციას, გამოიმუშავებენ შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და საშუალება ექნებათ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება მიიღონ.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები