ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები მიიღო.
 პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგში ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ საკითხს მხარს უჭერს საზოგადოების დიდი უმრავლესობა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატულ დასავლურ კურსს ადასტურებს 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ასოცირების შეთანხმებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია.
საგანგებო დავალებათა ელჩები საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც საკონსტიტუციო რეფორმა ითვალისწინებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეროვნული პარლამენტების როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის დღის წესრიგშია საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ ყურადღებას უთმობს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში შეიქმნა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივით ევროპარლამენტისადმი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ მიმართვაზე, სადაც ევროპარლამენტს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ასახავს პოლიტიკურ მხარდაჭერას ასოცირებული წევრებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები