ირაკლი კობახიძე: შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ
“შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამს, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. როგორც კობახიძემ განმარტა, პარტიებს შორის კონსენსუსის შემთხვევაში, არსებობს პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები აისახოს.
„რაც შეეხება მეორე მოსმენით ჩვენ მიერ მიღებულ კონსტიტუციას, მისი დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, ცვლილებები აისახოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესამე მოსმენამდე დარჩენილია დაახლოებით 3 თვე, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები შედგეს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა ის წინადადებები, რაზეც მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდეს.