სოსო ვახტანგაშვილი: ის, რომ 500-მეტრამდე ახლა გადმოიწია ბანერმა, არის ტყუილი
“ხელისუფლებამ ეს პრობლემა, რაც დღეს, საოკუპაციო ხაზთან არის, მემკვიდრეობით მიიღო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ოკუპანტებს საზღვარი 500 მეტრით ახლა არ გადმოუწევიათ.
„პრობლემა, რაც დღეს მავთულხლართებთან დაკავშირებით არის, დღევანდელ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალება და ტელევიზია ამ თემას ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებს. ის, რომ თურმე საზღვარი დღეს გადმოსწიეს 500 მეტრით, არის ტყუილი. ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, საზღვრისპირა სოფლებში, ხელისუფლების დამსახურება ნამდვილად არ არის, ეს არის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დატოვებული პრობლემა და ეს არაა მარტო ხელისუფლების პრობლემა, ესაა ჩვენი ქვეყნის პრობლემა“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.