კახაბერ ოქრიაშვილი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, განცხადებას ავრცელებს

 “მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესები დააყენოს”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისათვის, განცხადებაში საუბარია საკონსტუტუციო ცვლილებეზე, კერძოდ კი საარჩევნო სისტემაზე.
“ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. ამ განცხადებაში გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილზე, უფრო ზუსტად, არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებზე. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა, არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ. დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს, ბონუსური სისტემის გათვალისწინებით.
ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს. რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა ჯამში, მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსენსუსის მთავარ მხარეს.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%.
საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები. დღემდე არსებული პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაქრა ან მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის.
თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი – უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის. აქვე, მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო მოლდავეთში მიმდინარე პროცესებზე. 2006 წელს, მოლდავეთი საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა, რასაც სრულად ეთანხმებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პოლიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში.
ამ პროცესებმა მოლდავეთში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდავეთი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ – მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის – სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი.
მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები