„ჩემს ნამუშევრებს წინასწარ ვხედავ“… –  როგორ გადაარჩინა ბებიის სკივრმა ოცნება?

ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. მისი ცხოვრების ოცნება სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება იყო, მაგრამ ოჯახის გავლენით კონსერვატორია დაამთავრა.
სირთულეებით აღსავსე გზა განვლო დღემდე…
ხატვის სურვილი მოგვიანებით, მაგრამ მაინც გამოვლინდა, ერთბაშად მოზღვავდა… ხატწერით დაიწყო, ამბობს, რომ უკვე
მზად იყო ამისთვის. მანამდე კი ზღაპრები და ნოველები დაიწერა…
წინასწარ არასოდეს გეგმავს და იცის, რას დახატავს – გვიმხელს, რომ ამ დროს ინტუიცია განაგებს ყველაფერს…
ასე შეიქმნა ახალი ნამუშევრებიც, რომლებიც 29 ივნისს სასტუმრო „ვერა ჰაუზში“,  გ. რჩეულიშვილის 13-ში გამოიფინება.  გამოფენას „გაორება“ ჰქვია. წარმოდგენილი იქნება 25 ნამუშევარი.  – თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონა.

– თითა გქვიათ… საინტერესოა ამ სახელის ისტორია…
– ბებიაჩემი თინა წერეთელი  იყო. უფროსი შვილიშვილი ვერ ეძახდა თინას და თითა შეარქვა. ბებიის საპატივცემულოდ დამარქვეს თინა, და როცა გავჩნდი, მეც ავტომატურად ყველა თითას მეძახდა.
–  ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ…
– ნამდვილად ასეა. დედის მხრიდან ბალანჩივაძე, მამის მხრიდან ძნელაძე ვარ და მთელი ოჯახი მშობლების მხრიდან ხელოვანები არიან. ჩვენ მელიტონ ბალანჩივაძის განშტოება ვართ. ყველა მუსიკოსი იყო, დედამ კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით დაამთავრა,  მამა ქორეოგრაფი იყო, ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდა, ბიძაჩემი კი – საგუნდო დირიჟორი.
მეც კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით დავამთავრე, ასევე – უნივერსიტეტი ეკონომიკური განხრით.
მერე ესპანეთში, მალაგაში, პიკასოს სკოლაში  ვსწავლობდი. ეს არის ხელოვნების სკოლა, ენის შემსწავლელი სკოლა უცხოელებისთვის. ძალიან საინტერესო იყო ესპანური კულტურის შესწავლა და იქაური გამოცდილების გაცნობა. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვასწავლიდნენ და, საერთოდ, სწავლების იქაურმა სისტემამ გამაოცა. პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობა განსაკუთრებული, ორიგინალური იყო… უშუალო ატმოსფერო სუფევდა. ყოველ კვირას თითოეული პედაგოგი გვიმართავდა არა მარტო ექსკურსიებს, არამედ – წვეულებებს და  მათთან ერთად ჩვენც საოცარ დროს ვატარებდით. ეს ურთიერთობა, უწინარესად, მეგობრობაზე იყო დაფუძნებული.
ჩვენი განათლების სისტემაში ასეთი რამ თუ დაინერგება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება.
– კონსერვატორიაში ჩაბარება, ალბათ,  ოჯახურმა ტრადიციებმა განაპირობა…
– რასაკვირველია, ოჯახის ძალიან დიდი გავლენა იყო, უნდოდათ, რომ კარგი პიანისტი და პედაგოგი გამოვსულიყავი… ასეც მოხდა, პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს, ვასწავლიდი ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. მოსწავლეები მყავდა და ერთხანს ქორეოგრაფებთან კონცერტმაისტერად ვმუშაობდი. 90-ანი წლების გაჭირვებაც გამოვიარე…
მწარედ მახსოვს, როგორ დავრჩი  უსამსახუროდ და როგორ დავიწყე საქმე, რომელმაც იმ წლებში გადამარჩინა.
– ვიცი, რომ სამკერვალო გქონდათ და შაბათ-კვირას ხელოვანებისთვის სალონურ საღამოებსაც აწყობდით…
– ბებიაჩემს დიდი სკივრი ჰქონდა და შვილიშვილები ყოველთვის ველოდებოდით, როდის გახსნიდა  იმ სკივრს, სადაც თეთრეული და ზღაპრული აბრეშუმის ხალათები, ასევე ნაჭრები ინახებოდა… დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა დაიცალა ეს სკივრი და რამდენიმე ნაჭერიღა იყო დარჩენილი…
გადავწყვიტე, ამ ნაჭრებით რაღაც შემექმნა. ქუჩაში ტირილით გამოვედი და მეზობელი შემხვდა, რომელსაც  მაღაზია ჰქონდა… დამპირდა, რომ თუ დამჭირდებოდა, პატარა კუთხეს დამითმობდა,. ავიღე ეს 5 ბაჭერი, „სიტყვა და საქმე“ ვიყიდე და  განცხადება ვნახე, სადაც ერთი ქალბატონი წერდა, რომ მკერავ-კონსტრუქტორია და სამსახურს ეძებდა… დავურეკე და ქალბატონი ციალა აღმოჩნდა. დღეს იგი ჩემი მეორე დედაა.
პროფესიონალიზმზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, ეს ქალბატონი სანთლით საძებარი კონსტრუქტორი აღმოჩნდა. უნიკალური პიროვნება – უნიჭიერესი, უგანათლებულესი, მღერის ფანტასტიკურად.
იმ ქალმა, ვისზეც უკვე გითხარით,  გამოგვიყო მაღაზიაში პატარა კუთხე და ასე დავიწყეთ. ნელა-ნელა ავაგორეთ ყველაფერი… დარწმუნებული ვარ, შრომას რაშიც ჩადებ, რომ არ დაგიფასდეს, არ არსებობს. იდეები მქონდა, მაგრამ კერვის აზრზე არ ვარ ვიყავი…  მერე ცოტა რომ გავფართოვდით, ფალიაშვილზე ვიქირავეთ ფართი, იქ უკვე მრავალი შეკვეთა მოგვდიოდა, მერე სპექტაკლებისთვის, ფილმებისთვის კოსტიუმების შეკვეთებს ვიღებდით…
კარგად დავდექით ფეხზე.
საერთოდ,  ხელოვან ადამიანებზე ვდარდობ, რადგან ჩვენთან არ არის ადგილი, რომ ხელოვანებმა საკუთარი თავი სათანადოდ წარადგინონ და წარმოაჩინონ.
გამოვაცხადე, ვისაც გსურთ, ეს ჩემი პატარა კუთხე ყველასთვის არის ღია, მოდით, იმღერეთ, იცეკვეთ, დახატეთ-მეთქი… ცოტა ხანში რა მოხდა, იცით? ფალიაშვილზე, ეზოში, სადაც ფართი გვქონდა ნაქირავები,  მამუკა ჩარკვიანი მიკროფონით გამოდიოდა და მთელი ეზო მხიარულობდა…
ის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა… მერე მოხდა ისე, რომ წამოვედით იქიდან…
დღემდე ახსოვთ ის დღეები და მირეკავენ…
ასე გაიარა იმ წლებმა და მოვედი დღემდე… მოგვიანებით, მთელი ცხოვრება სამშენებლო კომპანიების მარკეტინგის სამსახურში  ვმუშაობ…
როგორ დაიწყეთ ხატვა?
– მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, აკადემიაში ჩამებარებინა… ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შინაგანად ვგრძნობდი, რომ ოდესღაც აუცილებლად ჩემში რაღაც ამოხეთქავდა, მაგრამ ერთბაშად თუ ამოხეთქავდა, არ ვიცოდი.
ბოლო რამდენიმე წელიწადში სწორედ ასე მოხდა… ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვიყავი ნეპალში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და არა მარტო ჩემზე, მრავალი ქართველი ხელოვანი მოექცა ნეპალური შთაბეჭდილებების ქვეშ. ეს ისეთი ქვეყანა და სამყაროა, რომ გამორიცხულია, სულზე არ იმოქმედოს,.
ნეპალიდან რომ ჩამოვედი, მაშინ დავიწყე ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთება. წერა დავიწყე…
– კონკრეტულად რამ გაგაოცათ ნეპალში?
– იმის გარდა, რომ ნეპალი უჩვეულო ბუნებით და ისტორიით არის გამორჩეული, საოცარი რელიგიური დატვირთვა აქვს ამ ქვეყანას, მაგრამ ყველაზე უნიკალური და განუმეორებელი ჩემი შთაბეჭდილება – ადამიანია. ადამიანებმა გამაოგნეს იქ. ნაგვის ურნასთან რომ სძინავთ და იქვე რომ ცხოვრობენ ადამიანები, ისეთი  სიცოცხლის მოყვარული თვალები აქვთ და ისეთი სიკეთეა მათში, გეგონებათ, მთელი სამყარო მათია. ამ დროს არაფერი გააჩნიათ, ნაგავში იქექებიან და ერთ პურ ნაჭერზე მადლობლები არიან. მათი სახეები ანათებს.
ამ სურათმა, არაფერი გაგაჩნდეს ქვეყანაზე, არც ჭერი, არც სარჩო-საბადებელი და ბედნიერი იყო, ძალიან იმოქმედა ჩემზე… გავიდა ხანი და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებების ჩაწერა დავიწყე… ანუ წერა დავიწყე… და მერე ხატვის სურვილიც ერთბაშად მოზღვავდა…
– ხატწერას როგორ დაეუფლეთ?
– ერთხანს მცხეთაში გადავედი საცხოვრებლად…რატომღაც ხატწერის შესწავლა მომინდა. მყავს მოძღვარი – მამა კირიონი, სალოსი, საოცარი ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარია და მისი სულიერი შვილი ვარ…
მამა კირიონის შემწეობით გავემგზავრე კიევში, რუბლიოვის მეთოდით ხატწერის შესასწავლად. მასტერკლასებს ატარებდა  პეტერბურგელი ხელოვანი – კომუნისტების პერიოდში ამერიკაში ემიგრირებული,  პროსოპონის სკოლის დამაარსებელი.
კიევის მოგონება  საოცარი გასახსენებელია. მისტიკური იყო გარემოც… დაგვაბინავეს შენობაში, რომელიც ჩვენთვის  არენდით იყო აღებული და მიწისქვეშ ჩავდიოდით, 9-ზე რომ ჩავდიოდით, ღამის 9-ზე გამოვდიოდით…
მთელი დღე ანგელოზებთან ერთად ვცხოვრობდით.
ამ ადამიანმა შეგვასწავლა ტემპერას შექმნა, რომელიც ღვინით კეთდება.  ხატწერისთვის ნატურალური მასალები გამოიყენება.
ღვთისმშობლის დიადემა კეთდება ოქროს დეკორატიული ფირფიტებისგან… ფირფიტები დაკრულია ძალიან თხელ პერგამენტზე და წყალი რომ დაასხა, მაშინაც კი არ სძვრება. მანამდეც სხვადასხვა ეტაპია, ჩვენ თვალწინ, საღებავის შექმნიდან დაწყებული, სასწაული ხდება,  ყოველი ნიუანსი  ღვთიურია.
ამ ყველაფერმა მომცა ინსპირაცია,  რელიგიურ თემაზე ნამუშევარი შემექნა, ხატწერა ძალიან დიდ შრომას, დიდ თანხებს და განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას მოითხოვს…
იმ მომენტში, როცა მოსკოვში ჩავედი, უკვე  მზად ვიყავი ამისთვის. იქაური სიტუაცია თვისთავად გეხმარება შთაგონებაში, იმდენად ახლოს ხარ შენს თავთან და უფალთან,  სხვა ზედმეტი აღარაფერი შემოდის…
ძალიან მინდოდა, რელიგიური თემატიკა არტში გამომეყენებინა. გავაკეთე რამდენიმე ნამუშევარი ნოხებზე… ღვთისმშობელის, წმინდა გიორგის გამოსახულებით… შერეული ტექნიკა გამოვიყენე… ზურა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მქონდა გამოფენა.
საპატრიარქოს წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ ეს ნამუშევრები… მერე ღვთისმშობელი  პატრიარქს ვაჩუქე. ამაღელვებელი იყო მასთან შეხვედრის წუთები, მიძნელდება გადმოცემა… დიდხანს უყურებდა, კარგა ხანს ხმაც არ ამოიღო, ამასობაში მთელი სიცოცხლე გავათავე ნერვიულობით… რამდენიმე წუთის შემდეგ ბრძანა: მსოფლიოში ანალოგი არ არსებობსო.
მერე  ღვთისმშობელი საპატრიარქოში დააბრძანეს. უცნაური ნამუშევარი გამომივიდა, სახე არ აქვს, ჩრდილებით არის დაფარული და სადაც მიდიხარ, სულ თან დაგყვება…
– ისე აღწერეთ განცდები, სანამ დახატავდით, რაიმე ხილვა ხომ არ გქონიათ?
– ხილვები სულ მაქვს. ჩემს ნამუშევრებს წინასწარ ვხედავ. პარალელურად ჩემი ნამუშევრები  ჩემთან ერთად დადიან…  იმ პარალელურ სამყაროში სულ ვარ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩემთან მცხეთაში, მეორე სართულზე, აივანზე ვიდექი… ბინდი იყო. საღამოვდებოდა, ირგვლივ სვეტიცხოველი და ჯვარია, ხელისგულზე ჩანს ყველაფერი… უცებ  შემოფრინდა თვალებში ღვთისმშობელი, ლანდივით საიდანღაც წამოვიდა და  აქ პირდაპირ თვალებთან შემომიფრინდა, დავინახე…
ახლა მეორე ნამუშევრის გაკეთება მინდა…  ასევე ღვთისმშობლის გამოსახულებით… ესეც სულ ჩემთან ერთად დაფრინავს, ოვალური ფორმა აქვს…
– რომელი ფერები გიყვართ?
– ფერებს აქვთ  სასწაულებრივი ენერგეტიკა… როდესაც ფერებთან ერთად ცხოვრობ, ის ფერი გაძლევს თავის ენერგეტიკას… ჩემთვის სასიცოცხლო სხივები, სასიცოცხლო ენერგეტიკა მოაქვთ ფერებს, როგორც მზის გარეშე არ შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება, ისეა ჩემთვის – ფერების გარეშე. სულ უნდა მქონდეს ფერებთან შეხება… ყვითელზე მაქვს გართულება, ძალიან მიყვარს… ასევე  არაჩვეულებრივი ფერებია: წითელი, ცისფერი, თეთრი, ძალიან ბევრი გრადაციაა და უამრავ საშუალებას გაძლევს. ძირითადად, ეს ხუთი ფერი მიყვარს. მათთან ერთად ვცხოვრობ.
შექმნის პროცესი ჩემთვის ტრანსული მდგომარეობაა, სადაც არანაირი ზედმეტი ფიქრი არ შემოდის, მხოლოდ და მხოლოდ ამ ყველაფერში ვარ ჩაფლული და იქ ვცხოვრობ…
– ხატვამდე  წერდით…
– თავიდან ზღაპრებს ვწერდი, წიგნიც გამოვიდა, „ზღაპრები“ ჰქვია.   პარალელურად ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“ და ასევე გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ რამდენიმე ნოველაც დაიბეჭდა…
ახლა  ნოველების წიგნზე ვმუშაობ…
 პირველი წიგნიზღაპრებისიზმარეული ინტერპრეტაციებით ცდილობს, დაგვანახოს დროსა და სივრცეში დაკარგული ადამიანი, – ასე შეაფასეს თქვენი პირველი კრებული… საიდან წამოვიდა ფანტაზია, რატომ გადაწყვიტეთ ზღაპრების დაწერა?
– ხანდახან არის, რომ ერთი სიტყვა მაძლევს მნიშვნელოვან შთაგონებას. ნოველა  „აცეტონის“ დაწერის ისტორიას გიამბობთ. ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემთვის ვიჯექი, გათიშული და აცეტონით ლაქს ვიშორებდი.  აცეტონმა მომცა ამ ნოველის შთაგონების წყარო… წარმოვიდგინე, რა კარგი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს ელვაშესაკრავის დახმარებით გაიხსნას ეს ცუდი ხასიათი, აცეტონი ჩაისხას და წაშალოს ცუდი მოგონებები. და წკაპ – ისევე დაიკეტოს-მეთქი….  
რა შეეხება ზღაპრებს, წლების მანძილზე დამიგროვდა საფიქრალი, ბევრი რაღაც მაწუხებდა. თუნდაც ის, რომ ბავშვებში  სამშობლოს ნაკლები სიყვარულია. ამ ღირებულებას – სამშობლოს მშობლები თითქოს აღარ აქცევენ ყურადღებას,  ზოგადად იციან, რომ არის საქართველო, თბილისი, სოფლები, მაგრამ იმას, თუ რამდენად უპირატესი უნდა იყოს სამშობლოს ცნება ბევრ რაღაცაზე, ერში არ ექცევა ყურადღება…
ეს პრობლემა ზღაპრის  თემად ავიღე, –  სამშობლოს სიყვარულის გამო უნდა გაიწიროს ყველაფერი, მინდოდა ხაზგასმა, რომ ფული და რეგალიები ყველაფერი არ არის, რომ შეიძლება არანორმალურად გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ თუ სამშობლოს სჭირდება, ყველაფერი გაწირო, თუნდაც პირადი სიყვარულიც კი…
ეს არის პირველ ზღაპარში, მეორე ზღაპარს „ექვსიანი“ ჰქვია, რომელიც მშობლებისა და შვილების, თაობებს შორის „ხიდჩატეხილობის“ თემას ეძღვნება. ეს საკითხი ყოველთვის ყველა თაობაშია, ადამიანურია, ჩვეულებრივია, მაგრამ ამ გაუგებრობას რა სიღრმისეული მიზეზები აქვს და რა მოჰყვება, ამაზე გავამახვილე ყურადღება.
მესამე ზღაპარში „შავი ყუთი“ წამოწეულია თემა, რომელმაც მოიცვა მთელი სამყარო. მთავარი გმირია ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება მამას ეძებს.  მერე შავ ყუთს ჩუქნიან და ამ შავ ყუთშია ჩავარდნილი. ბოლოს აღმოჩნდება, რომ დედაც და მამაც ჰყავს, უბრალოდ ამ ვირტუალურმა სამყარომ ისე ჩაითრია, რომ რეალურის და ვირტუალურის გარკვევა გაუჭირდა…
მეორე წიგნში უკვე ნოველები იქნება თავმოყრილი, ორ მოთხრობას გამოვყოფ – „ხეიბარ სქესს“ და „ევთანაზიას“. წინასწარ არ გიამბობთ, რაზეა ნოველები, საიდუმლოდ მინდა დავტოვო… „ხეიბარი სქესი“ ცოტა რთული თემაა და არ ვიცი, როგორ მიიღებს მკითხველი.
–  მაინც რა თემები  გაღელვებთ ყველაზე მეტად?
– მაწუხებს პატიოსნების დეფიციტი. პატიოსან ადამიანს დღეს ძალიან იშვიათად შეხვდები, თითქოს ისეთი რეფორმა მოხდა ადამიანებში, წესით პროგრესისკენ უნდა მიდიოდეს ღირებულებები, რაც ვიზრდებით, ასაკი გვემატება, უფრო და უფრო კარგი უნდა ღვივდებოდეს და, სამწუხაროდ, პირიქით კი ხდება…
ამას, რასაკვირველია, ძალიან ბევრი მიზი აქვს: მსოფლიო გლობალიზაცია, ეკონომიკა, უამრავი სხვა რამ… მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პატიოსნება ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ აღარ ვილაპარაკოთ უფლის სიყვარულზე… ჩემთვის დღეს, ზოგადად, პატიოსანი ადამიანის დეფიციტია.
ფერწერულ  ტილოებს,  პოსტმოდერნისტულ  ნამუშევრებს ქმნით… სპეციალისტების შეფასებით, აქ ზერეალისტური ხედვაა, რომლის მიზანიც დამახინჯებულ რეალობაში ჰარმონიულობის მიღწევის მცდელობაა...
– რელიგიურ თემაზე მაქვს ალბათ 5-6 ნამუშევარი, მეტი არა, დანარჩენი სხვადასხვა სიუჟეტია. რომ გითხრათ, რომ კონკრეტული მიმართულება მაქვს, არა… სულ ძიებაში ვარ, რადიკალურად განსხვავებულია ტექნიკაც, მასალაც… ყველაფერი მაინტერესებს: ფაქარი, ფლომასტერი, აკრილი, ახლა მშრალი ფაიფური ვისწავლე და ამის გაკეთებაც მინდა.  უნდა ვცადო, რა გამომივა… ალბათ რაღაც პერიოდი მჭირდება, რომ ჩემი ხელოვნების რაღაც ხაზი გამოიკვეთოს… არც ისე ცოტა დროა გასული, რაც მე ეს დავიწყე. ვნახოთ, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი.
– რამდენი პერსონალური გამოფენა გქონდათ?
– ყოველ წელს ვაკეთებ გამოფენას. პირველი გამოფენა სამი წლის წინ მქონდა… ყველა გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკას და ტექნიკას ვირჩევ. სულ ძიებაში ვარ… რომ არ ვხატო, არ შემიძლია, მიზიდავს ახალ-ახალი ფორმები, მასალები, ტექნიკა, ყველაფერი ჩემს ინტუიციაზე დაყრდნობილია. წინასწარ არასოდეს ვიცი, რას დავხატავ…
– ახლახან თქვენი ახალი პერსონალური გამოფენა იმართება…
– სასტუმრო „ვერა ჰაუზში“  (გ. რჩეულიშვილის №13) გაიხსნება გამოფენა „გაორება“, სადაც  წარმოდგენილი იქნება აკრილით, შერეული ტექნიკითა და შერეული მასალებით შექმნილი ჩემი 25 ნამუშევარი.
შვილები არაჩვეულებრივად მღერიან…
– მყავს ორი ბიჭი, უფროსი ალექსანდრე 27 წლის არის, უმცროსი დიმიტრი – 19-ის.   სანდრო კობახიძე „ალილოში“ ლაშა ღლონტთან ერთად მღერის. პატარამ მეგობრებთან ერთად ანსამბლი შექმნა, ისიც ნელ-ნელა ემზადება, რომ სცენაზე გამოვიდეს. თუმცა პრაქტიკა  უკვე აქვს…
– სამომავლოდ რას აპირებთ?
– ახლა ვარ გალერეის გახსნის პროცესში, თარხნიშვილზე… ძალიან ბევრი გეგმა მაქვს… გაიმართება გამოფენები და სალონური შეხვედრები. მინდა აღვადგინო, რაც ფალიაშვილზე გვქონდა, ზუსტად სალონური სიტუაცია იყო იქაც. იქ გაერთიანებული ადამიანები ოჯახი იყო და ამ გარკვეულ წრეს დიდი   ნოსტალგია აქვს…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები