ისტორიული შენობები თბილისში, რომლებმაც თანამედროვე ურბანულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინეს
თბილისი არასოდეს ყოფილა სტატიკური. ის ყოველთვის მოძრაობაშია, იცვლება. ქალაქმა თავისი არსებობის მანძილზე რადიკალური ტრანსფორმაციები გაიარა. სხვადასხვა ეპოქამ კვალი დატოვა მის არქიტექტურაზე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იდგა აზიისა და ევროპის კულტურულ გზაგასაყარზე. საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა იმპერიის გავლენამ ქალაქის ურბანული ქსოვილი ერთგვარ პალიმფსესტად აქცია.
თბილისის არქიტექტურა სწორედ ამ უნიკალური, ხშირად პარადოქსული კონტრასტებით არის საინტერესო. ის არ ცდილობს იყოს ერთგვაროვანი. აივნებიანი შიდა ეზოები სრულიად ბუნებრივად ენაცვლება XIX საუკუნის დასავლური მოდერნისა და ევროპული კლასიციზმის მონუმენტებს. იქვე, სულ რამდენიმე მეტრში, საბჭოთა ინდუსტრიული ბრუტალიზმის მყარი ბეტონის კონსტრუქციები გვხვდება. სწორედ ეს ქმნის ერთიან, ემოციურ, ცოცხალ ესთეტიკას.
არქიტექტურა, თავისი არსით ცოცხალი პროცესია. იმისთვის, რომ ეპოქალურ დროთა ცვლილებას გაუძლონ, შენობები თავადაც უნდა იყვნენ დინამიკური, უნდა ჰქონდეთ – „შეცვლის ნება“. მათი სიცოცხლისუნარიანობა სწორედ მოქნილობაზეა დამოკიდებული, შეიცვალონ ფუნქცია ისე, რომ არ დაკარგონ საკუთარი ავთენტურობა.
დღევანდელ თბილისში ბევრია ისეთი ნაგებობა, რომელმაც დროთა განმავლობაში პირვანდელი ფუნქცია სრულად დაკარგა, თუმცა დანგრევის ან დავიწყების ნაცვლად, სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა.
სასტუმრო სტამბა
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო სტამბა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული ნაგებობა თანამედროვე სივრცედ გარდაქმნა. XX საუკუნის 30-იან წლების ეს ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნების საბეჭდი სტამბა იყო. აქ იბეჭდებოდა ქართული გაზეთები და წიგნები, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის მასშტაბით წიგნიერების ამაღლებას. წლების შემდეგ ხანგრძივი დროით შენობა უფუნქციოდ იყო. 2018 წლიდან კი ახალი როლით დაუბრუნდა ქალაქს. ამ ადგილას გაიხსნა სასტუმრო სტამბა. პროექტი Adjara Group-ის ინიციატივით ტექნიკურად განახორციელა Adjara Arch Group-მა.
არქიტექტურული კონცეფციის ავტორები შენობის რეკონსტრუქციისას ეცადნენ შეენარჩუნებინათ ბრუტალიზმის შტრიხები და ინდუსტრიული ესთეტიკა. უცვლელი სახით დარჩა შენობის მასიური, მაღალჭერიანი ბეტონის კონსტრუქციები, უზარმაზარი ფანჯრები და თავად სტამბის საწარმოო ხაზის ელემენტები. ბეტონისა და ფოლადის უხეშ ფორმებს იდეალურად აბალანსებს თანამედროვე ავეჯი, ვინტაჟური დეტალები და წიგნებით სავსე უზარმაზარი კედლები, რაც სტუმარს პირდაპირ მიანიშნებს სივრცის ისტორიულ წარსულზე.
სასტუმრო ტელეგრაფი
სასტუმრო ტელეგრაფის შენობა 70-იან წლებში არქიტექტორებმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა და თეიმურაზ მიქაშავიძემ დააპროექტეს. ადრე აქ ქალაქის მთავარი ფოსტა ფუნქციონირებდა. რეკონსტრუქცია შენობის პირველადი იერსახის მაქსიმალური შენარჩუნებით განხორციელდა. მათ შორის, შენარჩუნდა ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული გარე ფასადი, რომელიც ამ პერიოდის არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი. სასტუმრო 2025 წელს გაიხსნა. ასე შეიქმნა ისტორიულ შენობაში მრავალფუნქციური, თანამედროვე ურბანული სივრცე, რომელიც სასტუმროს, ჯაზ-კლუბს, როლინგ სთოუნ ბარსა და იტალიურ რესტორანს აერთიანებს. ტელეგრაფი სილქ როუდ ჯგუფის მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც რესპუბლიკის მოედნის განვითარების ერთიანი კონცეფციის ნაწილია.
ფაბრიკა
ფაბრიკა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული სოციალურ-კულტურული პროექტია საქართველოში. მულტიფუნქციური სივრცე ურბანული სტილის კაფეებს, ბარებს, მაღაზია-სახელოსნოებს, ჰოსტელს, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებს მოიცავს. შენობა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აშენდა, თუმცა წინა ნაწილი მას უკვე გასაბჭოების შემდეგ დაემატა. საბჭოთა პერიოდში აქ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სამკერვალო ფაბრიკა ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2016 წლამდე შენობა მიტოვებული და უფუნქციო იყო.
არქიტექტორებმა შენობის ექსტერიერში მინიმალური ცვლილებები შეიტანეს. ნაცრისფერი ბეტონის კედლები ხელუხლებელი დარჩა და ადგილობრივი და უცხოელი არტისტებისთვის Street Art-ის (გრაფიტის) პლატფორმად იქცა. შიდა ეზო, რომელიც ადრე საწარმოო მასალების საწყობად გამოიყენებოდა, დღეს ქალაქის მთავარი ახალგაზრდული შეკრების ადგილია.
ღვინის ქარხანა N1
მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხანა N1კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის დაპროექტება 1896 წელს მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, ალექსანდრე ოზეროვმა დაიწყო, ხოლო მშენებლობა საზოგადო მოღვაწემ, მეცენატმა და მეწარმემ დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. მოგვიანებით, საუფლისწულოს შენობაში განთავსდა ღვინის პირველი ქარხანა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო ღვინის სარდაფები.
წლების განმავლობაში ღვინის ქარხანა უფუნქციოდ იყო დარჩენილი, თუმცა დღეს ქარხნის ტერიტორია რამდენიმე რესტორანს, კაფესა და ბარს აერთიანებს. ნაგებობა ე.წ. ეროვნული სტილის ნიმუშს წარმოადგენს, ანუ ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავებისას არქიტექტორი ქართულ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას მიმართავს და შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ფორმებსა და დეკორატიულ მოტივებს იყენებს.
აჭარაბეთის ოფისი
თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებმა თბილისში ძველი ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობების ოფისებად ქცევის ტენდენციაც გააჩინა. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია კომპანია აჭარაბეთის სათავო ოფისი. აჭარაბეთის ოფისის ადგილას ადრე N1 პურის ქარხანა იყო. ქარხანა 1928-29 წლებში არქიტექტორმა ნესტოროვმა ააშენა და ქართული კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. 1990-იან წლებში ქარხანამ წარმოება შეწყვიტა და წლების განმავლობაში, უფუნქციო იყო. 2019 წელს დასრულდა ყოფილი ქარხნის რესტავრაცია. შენობას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე, თუმცა მისი ინტერიერი სრულიად თანამედროვეა.
თიბისი კონცეპტის სივრცე
თიბისი კონცეპტის სივრცე ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უფუნქციოდ დარჩენილ შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა. შენობის ისტორია 1910 წლიდან იწყება, როდესაც კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი მშენებლობა ცნობილ პოლონელ არქიტექტორს, ალექსანდრე როგოისკის დაუკვეთა. 1913 წელს გახსნილი კომპლექსი თბილისში ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
წლების განმავლობაში, ნაგებობამ რამდენჯერმე შეიცვალა დანიშნულება. ქვეყნის გასაბჭოების შემდგომ პერიოდში აქ მუშათა კოოპერატივი მუშაობდა, ხოლო 1934 წლიდან სივრცე თბილისის ცენტრალურ უნივერმაღს დაეთმო, რომელიც ათწლეულების მანძილზე ქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2002 წელს, უფუნქციოდ მიტოვებული ისტორიული შენობა თიბისი ბანკმა შეისყიდა. თავდაპირველად ნაგებობა ბანკის სათავო ოფისის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი „თიბისი კონცეპტის“ თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცეს მასპინძლობს.
კოსტავა 49
მიდგომა, რომ არქიტექტურა მუდმივ განვითარების პროცესშია და ძველ, მიტოვებულ ნაგებობებს შეუძლიათ სრულიად განსხვავებულ, ცოცხალ სივრცეებად ტრანსფორმირდნენ, დიდწილად უკავშირდება ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის სახელს.
სწორედ ბოფილის ფილოსოფიას მიჰყვება იმობილიარეს პირველი პროექტი – კოსტავა 49, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის ინტეგრირებას თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებთან. შენობა თავდაპირველად არქიტექტორმა მიხეილ ნეპრინცევმა დააპროექტა. ნაგებობა ჩაის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, საიდანაც 97 ჩაის ქარხანა და რეგიონული პლანტაციები იმართებოდა. მოგვიანებით აქ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განთავსდა, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა. სულ მალე შენობა ახალ ფუნქციებს მოირგებს და საცხოვრებელ სივრცედ გადაიქცევა.
პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან საერთო გამოყენების სივრცეებს: Fine dining რესტორანს, მოსასვენებელ ზონებს, სავარჯიშო და სარეაბილიტაციო ცენტრებს. ექსტერიერში სრულად არის რესტავრირებული და შენარჩუნებული ისტორიული ფასადის თვითმყოფადობა. შიდა სივრცეები კი ახლებური არქიტექტურული ხედვით არის დაპროექტებული
შეჯამება
თბილისის ისტორიული შენობების ტრანსფორმაცია ნათლად ადასტურებს, რომ წარსულის მემკვიდრეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა არა მათი უცვლელად კონსერვაცია, არამედ თანამედროვე ცხოვრების რიტმში აქტიური ჩართვაა. ეს შენობები არ კარგავენ აქტუალობას, მეტიც, ქალაქის მთავარ კულტურულ, ბიზნეს და საცხოვრებელ ცენტრებად იქცევიან. ეს პროცესი თბილისს უნარჩუნებს მის ავთენტურ ურბანულ იდენტობას და აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განაგრძოს განვითარება, როგორც ცოცხალმა, პროგრესულმა და დინამიკურმა ქალაქმა.