ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

 30 ივნისს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება მისი დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ასევე სამეცნიერო ჟურნალ „მრავალთავის“ 25-ე ტომის პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 59 წელს ეძღვნება.
1958 წლის 30 ივნისს პროფესორმა ილია აბულაძემ დააარსა ხელნაწერთა ინსტიტუტი – დღევანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანესი ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური სკოლა. გამოიცა უამრავი და მრავალდარგოვანი ქართული საეკლესიო მწერლობის ძეგლები, დაარსდა აგიოგრაფიული ძეგლების სერია, მომზადდა ისტორიული საბუთების კორპუსული გამოცემები და მრავალი სხვა. ეს სამეცნიერო საქმიანობა დღემდე გრძელდება და ყოველწლიურად ემატება ნაშრომები ხელნაწერთა ცენტრის გამოცემების ნუსხას.
დაარსების დღიდან ცენტრი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. დღესდღეობით კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დანიშნულება მრავალმხრივია. ის არის როგორც უდიდესი და უმნიშნველოვანესი საცავი ქართული ხელნაწერებისა, ასევე უცხოენოვანი ხელნაწერი კოლექციების, საარქივო ფონდის და პირველნაბეჭდი წიგნებისა, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას. აქ დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა დიდ სამსახურს უწევს და მომავლშიც გაუწევს ახალგაზრდა მკვლევრებს. გარდა ამისა, ცენტრის კარი ღიაა კოლექციებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ცენტრის მიერ განხორციელებულ საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტებში უამრავი სკოლის მოსწავლე, სტუდენტი და უბრალოდ დაინტერესებული პირი მონაწილეობს. ისინი ეცნობიან ინტელექტუალურ მემკვიდრეობას და უამრავ ინფორმაციას იღებენ ექსპონატების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები