არჩილ თალაკვაძე: გვჯერა, რომ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები არის ზედმიწევნით საჭირო და აუცილებელი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეაფასა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობები ბალანსდება და მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები მკაფიოდ იმიჯნება. ასევე, მარტივდება მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება, რაც, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ძლიერდება საპარლამენტო კონტროლი და ძლიერდება ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის კონტროლი ხელისუფლების განხორციელებაზე“.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა უფრო ეფექტური ხდება და ეს არის საზოგადოების დაკვეთაც – მთავრობამ განახორციელოს ის რეფორმები და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც ხალხსა და ქვეყნის განვითარებას სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, უფრო ძლიერდება პრეზიდენტის, როგორც არბიტრის როლი.
„პრეზიდენტის როლი როგორც არბიტრის, როგორც წონასწორობის შემქმნელის კიდევ უფრო ძლიერდება და მკაფიო ხდება ახალ კონსტიტუციაში.
ვარეგულირებთ მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიწის გასხვისება ვეღარ მოხდება უცხოელებზე. ესეც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი და მოთხოვნა იყო.
ახალი კონსტიტუციაში ძლიერდება ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები, საზოგადოების და თითოეული ადამიანის დაცულობის გარანტიები არის უფრო მკაფიო და ძლიერი.
ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ოპოზიციის როლზე, იზრდება ოპოზიციის უფლებები და მისი მონაწილეობის შესაძლებლობები პროცესში.
ძლიერდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად და კარგად ეცოდინებათ თუ რას უნდა ელოდონ სახელმწიფოსგან და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მათ წინაშე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, კიდევ უფრო მეტად ხდება თვითმმართველობის მხარდაჭერა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა კონსესუსის შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ყველა მხარე იყო მოწვეული და ოთხთვიანი მუშაობის პროცესი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელა, შრომატევადი, მაგრამ ზუსტად დაგეგმილი პროცესი იყო. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ცალსახად დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ.

„ჩვენ კომისიაში მოვიწვიეთ ყველა მხარე, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ოთხი თვე იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ, ეს ოთხი თვე იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ ზუსტად დაგეგმილი პროცესი, რომელსაც უხელმძღვანელა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. შემდგომ ჩატარდა საჯარო განხილვების ორი რაუნდი, ოცზე მეტი შეხვედრა ხალხთან რეგიონებში და დედაქალაქში, ხოლო შემდგომ ინტენსიური კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები ცალსახად დადებითად შეაფასა, თქვა, რომ ეს არის პროგრესი და სვლა უკეთესი კონსტიტუციისკენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაწეული შრომისთვის სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ბევრად მეტი გააკეთეს ახალი კონსტიტუციის მისაღებად, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად.
„ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ნამდვილად ბევრად მეტი გააკეთეს და ბევრად უფრო მეტი იშრომეს ახალი კონსტიტუციის მისაღებად ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად და საბოლოო ჯამში, გუშინ პირველი მოსმენით, 115-მა დეპუტატმა და პრაქტიკულად, ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი ახალ კონსტიტუციას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმ საკითხებსაც შეეხო, რომელთან დაკავშირებითაც, იყო აზრთა სხვადასხვაობა.
„რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის პრეზიდენტის არჩევნები, ჩვენ ვუჭერთ მხარს პირდაპირ არჩევნებს მომდევნო ჯერზე პრეზიდენტისთვის და მხოლოდ ამ არჩევნების შემდეგ მოხდება არაპირდაპირ მოდელზე გადასვლა და პროპორციული არჩევნების მოდელი, ამაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა. როგორც იცით, უმრავლესობის შიგნით მიღწეული იქნა შემდეგი კონსესუსი და ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ორი შეკითხვა: ერთი, რომ აუცილებლად მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს არის ის პოზიცია, რომელიც აქვს უმრავლესობას და მეორე, როდის მოხდება გადასვლა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში შევთანხმდით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წელს. მაგრამ პრინციპულია, რომ დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და გვჯერა, რომ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის ზედმიწევნით საჭირო და აუცილებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები