„იუდაიზმი მსოფლიო კულტურაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში“

22 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის – ლელა წიწუაშვილის ლექცია: „იუდაიზმი მსოფლიო კულტურაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია ლექციათა ციკლის: „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები“ ფარგლებში გაიმართება.
ებრაული ისტორია, კულტურა და ხელოვნება საკმაოდ ფართო ცნებაა. იძულებით სამშობლოდაკარგული ერის დიასპორაში ორიათასწლიანი ცხოვრების მანძილზე იგი მოიცავს უამრავ ქვეყანასა და ისტორიულ ეპოქას. ებრაელები უძველესი მონოთეისტური რელიგიის, ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხია. საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნებში მუდმივი დევნის მიუხედავად, ებრაელებმა არა მხოლოდ შეინარჩუნეს თავიანთი ერი და თვითმყოფადობა, არამედ, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებთან ადაპტაციისა და სინთეზის წყალობით, განავითარეს თავისი კულტურა და ხელოვნება.
მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესთაგანია. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ებრაელები საქართველოში ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლდნენ. ებრაელთა ისტორია საქართველოში ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მსოფლიო ისტორიაში ქართველთა და ებრაელთა განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულების გამო.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მდიდარი კოლექცია, ეთნოგრაფიული, რელიგიური, რიტუალური დანიშნულების ექსპონატები, ეროვნული სამოსი, მხატვრობა.
ლექციაზე მიმოხილული იქნება იუდაიზმის განვითარების ისტორია მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაში; ებრაული ხელოვნების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და სტილისტური მიმართულება; ტრადიციული თემატიკა; იუდაიკის სპეციფიკა და გამოხატვის თავისებურებანი მსოფლიო ძეგლებისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული ექსპონატების მაგალითებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები