პრემიერი: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2018 წელს პრეზიდენტი კიდევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული.
„მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი: იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება ანუ არაპირდაპირზე გადასვლა პირდაპირიდან იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით, რომ  კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი კიდევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული.
ამას გარდა, ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში, ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რათა გამქრალიყო შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, მაგრამ 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები