„შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე“

საქართველოს პრემიერის განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.
„კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში.
საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.
ამასთან ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერისთვის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები