“საკონსტიტუციო ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის”

2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.
„ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციის და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა.
​ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის; პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას; მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები; მთავრობა ხდება უფრო ეფექტური; კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, ფუნქციები; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. კონსტიტუციით რეგულირდება შემდეგი მნიშვნოლოვანი საკითხები – მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში. იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები
“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები