ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება – საჯარო შეთავაზებით, იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება.
პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები