ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს თეორიული შანსი მაინც უნდა დარჩეს, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

„პრეზიდენტს თეორიული შანსი მაინც უნდა დარჩეს იმის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების არ ეშინია.
კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა ამ წუთამდე მიმდინარეობს.
„კერძოდ, იმ ფაქტორს, რომ დღეს მოქმედ პრეზიდენტს თეორიული შანსი მაინც უნდა დარჩეს იმის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. რეალურად, სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების ექვსი წლით გადავადება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა, რაც პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საბოლოო ჯამში, ეს ვენეციის კომისიამ მოგვიწონა. პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით, პირველად 2023 წელს ჩატარდება, რაც პოლიტიკური კუთხითაც ძალიან კარგია“, – განაცხადა სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური ცვლილებებზე მუშაობის პროცესიც გაიხსენა და განაცხადა, რომ როცა სამუშაო პროცესი დაიწყო, სერიოზული სპეკულაციები იყო, თითქოს ამ კომისიის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, რადგან მმართველ გუნდს მოქმედი პრეზიდენტის ეშინოდა.
„არც პირდაპირი არჩევნების გვეშინია და არც არაფრის. გვინდოდა, ასეთი სპეკულაციებისთვის საბაბიც კი არ დაგვეტოვებინა. ყველას დავანახეთ, რომ პირდაპირი არჩევნების მიმართ არანაირი შიში არ გვაქვს. გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ და ეს ასეც რომ არ იყოს, პირდაპირი არჩევნების მიმართ შიში მაშინაც კი არ გვექნებოდა. სპეკულაციებისთვის ყოველგვარი საბაბი მოვხსენით, რომელიც სამწუხაროდ, კომისიის წინააღმდეგ წარმოებდა, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები