ესპანეთის პროკურატურა ჟოზე მოურინიოს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებს

ესპანეთის პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნის, გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოურინიომ 2011–2012 წლებში გადასახადის სახით 3,6 მილიონი დოლარი არ გადაიხადა.
პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოურინიომ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ მიუთითა, რითიც უკანონო შემოსავალი მიიღო. მოურინიო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, ერთი თვის წინ ესპანეთის სასამართლომ არგენტინელ ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21–თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად სასამართლოში კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს საქმეც განიხილება, რომელსაც ასევე გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები