ეკა ბესელია საკონსტიტუციო მონარქიაზე: ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც

“ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კარგად უნდა გაცნობიერდეს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული იდეა.
“ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც. ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე, კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს. თუმცა ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა, ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ, კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება. ეს იდეა ნამდვილად ღირს იმად, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანვე პატრიარქთან დღევანდელი შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო მონარქიის იდეასაც შეეხო.
“ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვიმყოფებოდით საპატრიარქოში და შევხვდით პატრიარქს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვაც ამ კვირაში იწყება. ასევე, გვქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომელიც მისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა და ეხება კონსტიტუციური მონარქიის თემას. ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, თუმცა ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ბესელიამ.
​სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები