„ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა საშიშროება, ხელი შეეწყოს მარიხუანას არა პირადი მოხმარებისთვის, არამედ გასაღებისთვის ქონას“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატული პარტიის“ წევრი გიგა ბუკია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც 70 გრამ მარიხუანაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ შეიძლება, უპრეცედენტოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით, სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. როგორც ბუკიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გადაწყვეტილებამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, შექმნა საშიშროება, რომ ხელი შეეწყოს არამარტო პირადი მოხმარებისთვის, არამედ გასაღებისთვის დიდი რაოდენობით მარიხუანას ქონას. ბუკიას თქმით, ერთი და იგივე რაოდენობის მარიხუანა შეიძლება, სხვადასხვა სიმძლავრის იყოს და სხვადასხვა რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავდეს. ამიტომ აქცენტი დეპუტატის თქმით, არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ მასში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის პროცენტულობაზე უნდა გაკეთდეს.
„ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებაც არ ჰქონდა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, 70 გრამ მარიხუანაზე არ გვაქვს უფლება, შევუფარდოთ აღკვეთის ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს რამდენჯერმე რომ აღმოუჩინოს პოლიციამ 70 გრამი მარიხუანა და განაცხადს, რომ ეს არის მისი პირადი მოხმარებისთვის, სასამართლოს არ ექნება უფლება, ამ ადამიანს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდოს, თუნდაც შინა პატიმრობა. ჩვენ ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, პირადი მოხმარებისთვის კანონმდებლობა უნდა იყოს ჰუმანური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური კანონი ამ მხრივ ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის უფლებამოსილების გადამეტებით მიიღო, შექმნა საშიშროება, რომ ხელი შეეწყოს არამარტო პირადი მოხმარებისთვის, არამედ გასაღებისთვის დიდი რაოდენობით ქონას. რას ნიშნავს 70 გრამი? ეს, ღერებად რომ გადავიტანოთ, თამბაქოში შერეული, იქნება 200 ღერამდე მარიხუანა და ადამიანს საშუალება ექნება თქვას, რომ ეს მისი პირადი მოხმარებისთვისაა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ გრამობაზე კი არ იყოს მხოლოდ საუბარი, აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს კონკრეტული გრამი. არის მარიხუანა, რომელსაც შემცველობა აქვს 2-3% და არის გამოყვანილი ძლიერი მარიხუანაც, რომელიც შეიძლება 30-35% -მდეც კი ავიდეს. ბუნებრივად მოსული თუ შეიძლება ერთმა ან ორმა ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს, ხელოვნურად მოყვანილი იგივე დოზა საკმარისი იქნება 20-30 ადამიანის გასაბრუებლად. ეს ძალიან საშიში ნარკოტიკია და თითქმის ჰეროინის დონეზე ადის. ჩვენთან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაადგება პირს მეორე, მესამე ფაქტზე, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება არ იქნება გამოყენებული. შეიძლება ადამიანი პოტენციურად იყოს გასაღებით დაკავებული, მაგრამ თუ უშუალოდ ფაქტზე არ არის დაკავებული, სასამართლოს გაუჭირდება მისი იზოლირება. მე არ ვამბობ, რომ ეს იზოლირება უნდა იყოს წლობით ციხეში გაშვება, მაგრამ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლება, თუნდაც შინაპატიმრობა გამოიყენოს“,- განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები