ანსამბლი „მზიური“ მაყურებლის წინაშე განახლებული სახით წარდგება – რა სიახლეებია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალური ანსამბლი „მზიური“ განახლების პროცესშია. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ, “მზიურის” დამაარსებელმა, გურამ ჯაიანმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ განაცხადეს, ანსამბლი განახლებული სახით, ახალი რეპერტუარით და ახლებური არანჟირებით მაყურებლის წინაშე 9-10 ივლისს დაგეგმილი კონცერტებით წარდგება. კონცერტი სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართება, რომელიც ახლახან მერიის მიერ განახლდა და კეთილმოეწყო.
„მადლობა მერიას, რომელმაც განგვიახლა თეატრალური დარბაზი, რომელიც აბსოლუტურად აღჭურვილია და ვამზადებთ იმისთვის, რომ „მზიურის“ კონცერტი სწორედ ამ დარბაზში შედგეს. ეს არაჩვეულებრივი და ისტორიული დარბაზია, ამ სცენამ თაობები გაზარდა“, – აღნიშნა თიკა რუხაძემ.
“მზიური” მაყურებელს და მსმენელს ახალ რეპერტუართან ერთად, ძველი ჰიტების ახლებურ ვარიანტსაც შესთავაზებს. „მზიურის“ ფორმა ერთიდაიგივე რჩებოდა ყოველთვის, მაგრამ შინაარსით სულ განახლებული იყო. ახალი რეპერტუარი გვექნება, თუმცა ძველ ჰიტებსაც გავაჟღერებთ ახლებურად, სხვანაირი არანჟირება გვექნება. მთელი სირთულე იმაშია, რომ „მზიურელებმა“ თან უნდა დაუკრან და თან იმღერონ. ჩვენთან ყველა უკრავს და ყველა მღერის“, – აღნიშნა გურამ ჯაიანმა.
„ ახალი რეპერტუარი და არანჟირება ბევრად რთული და საინტერესოა. ძველი სიმღერების ახალი ვერსია ბევრად უფრო გართულებულია. მოხდა არამარტო მუსიკალური, არამედ კოსტიუმებიც განახლებაც. სასცენო პლასტიკაზე მუშაობა… მუსიკალურ მასალაზე ზაზა წურწუმიასთან ერთად ვიმუშავეთ. საბოლოო შედეგით მაყურებლის წინაშე 9-10 ივლისს წარვდგებით“, – აღნიშნა ბუკა კარტოზიამ.
თუმცა ანსამბლს გარკვეული პრობლემები ამ დრომდე აქვს. რუხაძის განცხადებით, ანსამბლი უკვე ბევრი წელია, მუსიკალური, ვოკალური სტუდიის გარეშეა დარჩენილი. შენობის სიძველის გამო კი „ მზიურის“ ოთახში ჭერიც კი ჩამოვარდა.
„მზიური“ გრიშა ჩიგოგიძემ შეიფარა. ახლა „მზიური“ და “პიონერფილმი” ერთ სივრცეში თანაარსებობენ“, – აღნიშნა სასახლის დირექტორმა.
​სასახლის დირექტორის განცხადებით, გაუსაძლის პირობებში უხდებათ ბავშვებს ვარჯიში კალათბურთის დარბაზში, სადაც რუხაძის თქმით, ბავშვები გაუსაძლის პირობებში არიან. ანსამბლ „მზიურის“ განახლების გარდა, მალე თავად სასახლის განახლების პროცესიც დაიწყება. თიკა რუხაძის განცხადებით, სასახლეში კვლევა მიმდინარეობს, რომელიც უკვე ფინალურ ეტაპზეა და ძალიან მალე, ქალაქის მერიასთან ერთად, მომზადდება რეაბილიტაციის პროექტი, რომ შენობა განახლდეს. შენობის განახლებასთან ერთად, მასში მუზეუმის მოწყობაც იგეგმება.
„ სასახლე უნდა განახლდეს. განახლება მოიცავს სასახლის როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მეთოდური სიახლეებით განახლებას. სასახლე წლების მანძილზე, იყო არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაცია და ასეთივე უნდა იყოს კვლავაც. დავიწყეთ მეთოდურ მიდგომებზე სიახლეების დანერგვა. განახლების პროცესი ყველა განყოფილებაში დასრულდა, განახლება მეტნაკლებად ყველა განყოფილებაში საჭირო იყო. ეს პროცესი დასრულდა. ჩვენ ახლა უკვე გადავედით იმ პროცესზე, რომ დავსხდეთ და ვნახოთ, რისი საშუალება გვაქვს შიგნით, რომ ჩვენივე კადრები სწორად გამოვიყენოთ. ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რომელიც ახლა ფინალურ ეტაპზეა და ძალიან მალე, ქალაქის მერიასთან ერთად, მომზადდება რეაბილიტაციის პროექტი, რომ განახლდეს შენობა ისე, რომ არაფერი დაზიანდეს, რადგან საქმე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან . გაკეთდება მთელი სასახლის რეაბილიტაციის პროექტი, თავის ბაღებით, ეზოებით და ყველაფრით, რაც საჭიროა. ეს იქნება გრძელვადიანი პროექტი და ეტაპებად დაიყოფა. რეაბილიტაციის პროცესში, სასახლის ფუნქციონირება არ შეწყდება. სასწავლო პროცესის პარალელურად ჩატარდება სამუშაოები. დაიხურება გარკვეული ფართები და ნელ-ნელა გაკეთდება რესტავრაცია. გათვალისწინებულია მუზეუმის პროექტი, რომელიც მერიის თანადაფინანსებით გაკეთდება. გვეხმარება პრეზიდენტის ფონდიც. უკვე არსებობს ელექტრონული ფილმი და კატალოგი სასახლეზე, ახლა გადავდივართ ბეჭდვაზე, რესტავრაციებზე და უშუალოდ სასახლის ტერიტორიაზე მუზეუმის მოწყობაზე “, – აღნიშნა თიკა რუხაძემ.
​სასახლეში სწავლების მეთოდურ განახლებასთან ერთად, მისი ფუნქციის და არეალის გაზრდაზეც ფიქრობენ. უახლოეს ხანებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე შესაძლოა, საერთაშორისო პროექტებში ჩაერთოს და მათი თაოსნობით და ორგანიზებით, თბილისში სხვადსხვა საერთაშორისო მუსიკალური თუ თეატრალური ფესტივალები ჩატარდეს.
„ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის გრანტზე. ევროპული ღირებულებების დანერგვის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ საერთაშორისო დონის პროექტები, მაგალითად, ფესტივალები ჩავატაროთ. შესაძლებელია, რომ დავაფუძნოთ თეატრალური და მუსიკალური ფესტივალები. სასახლე იქნება ამის ცენტრი და მთელი მსოფლიოდან იქნება ჩართულობა. საუბარია 350 ათას ევროზე, რომლითაც 2-წლიანი პროექტი განხორციელდება. დონორებისგან მიღებული თანხით ბევრი ისეთი აქტივობა უნდა გაკეთდეს, რაც ბავშვების რეალურ აღზრდას და სწორი ღირებულებების დანერგვას მოემსახურება“, – აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები