მთავარი პროკურორი სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან – გიორგი ბადაშვილთან და გიორგი გოგაძესთან ერთად პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო. მთავარი პროკურორი კონკურსის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურაში პროფესიონალი თანამშრომლების გუნდის მუშაობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს.
სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი პროფესიული მიმართულებით ტესტირებას მოიცავს, კონკურსის მონაწილემ 100 კითხვიდან გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად 75-ქულიანი ზღვარი უნდა გადალახოს. გამოცდა ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს, რაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, მიღებულ შედეგს ტესტირების პროცესის დასრულებისთანავე გაეცნოს.
კონკურსზე რეგისტრირებული 1315 მსურველიდან, საკონკურსო განაცხადების გადახედვის შედეგად, შერჩევის პირველ ეტაპზე 1254 კანდიდატი გადავიდა. სტაჟიორთა კონკურსი 3 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმატებული კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტირებას გაივლიან, ხოლო ბოლო ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.
ყოველ შემდეგ ეტაპზე კონკურსანტი პირველი საკონკურსო ზღვარის წარმატებით გადალახვის შემდეგ გადავა. წარმატებული სტაჟირების კანდიდატები, სპეციალურ სასწავლო მომზადების გავლის შემდეგ, სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი კურსი ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც სტაჟიორებს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. პროკურატურაში ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წლამდე ვადით გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები