გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, აბულფას გარაევს შეხვდა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურისტულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ რეგიონში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას, ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.
გიორგი გახარიამ აბულფას გარაევს და აზერბაიჯანის მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში არამარტო ორმხრივი, არამედ რეგიონალური მნიშვნელობისაა.
„ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება. ჩვენ ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პლატფორმებს, სადაც ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობს. შევთანხმდით, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, ერთიან პროექტებს განვავითარებთ, რათა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობა ავამაღლოთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, ტურიზმის ხელშეწყობისთვის.
ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ კულტურული, ტურისტულად მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 1 523 057, ხოლო 2017 წლის ხუთ თვეში უკვე 602 840 ადამიანი შეადგინა.