ეკა ბესელია: მოლოდინი მაქვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ფუნდამენტური უფლებების ხაზგასმაზე იქნება საუბარი

„მოლოდინი მაქვს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტში საუბარი ფუნდამენტური უფლებების ხაზგასმაზე იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ფორმატის სტრუქტურები ყოველთვის რეაგირებენ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სამართლებრივი პროცედურების დაცვას ეხება. ბესელია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესაც შეეხო და განაცხადა, რომ მას ერთ-ერთ ფორუმზე საშუალება ჰქონდა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეზოლუციაში ხაზგასმა იქნება, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია, იმ საკითხებს სცეს პატივი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ბაზისია. ამ თემებზე აქტიურ დაკვირვების პროცესს ვაგრძელებთ და გამოძიების შედეგებს ველოდებით. ერთ-ერთ ფორუმზე შესაძლებლობა მქონდა, აზერბაიჯანელ კოლეგებთან მესაუბრა, ვისთანაც ინფორმაციები გავცვალეთ. საბოლოოდ, გვჭირდება, გამოძიების შედეგების მიხედვით, საბოლოო სურათი დავინახოთ, თუ რა გვაქვს. მოლოდინი მაქვს, რომ რეზოლუციის ტექსტში საუბარი ფუნდამენტური უფლებების ხაზგასმაზე იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას, სადაც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზეცაა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები