“სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულ ოთხივე პირს – ლევან ჩქარეულს, ნიკოლოზ ბახტაძეს, დავით ბერჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდათ.
სასამართლო პროცესზე ჩქარეულისა და ბახტაძის ადვოკატმა შუამდგომლობის სახით გირაოს სახით 30 ათასი ლარის, ბერჟიანისა და კუტალაძის ადვოკატებმა 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვეს.
საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს საფუძველი, რომ ბრალდებულები მიიმალონ ან სხვადასხვა გზით გამოძიების ეფექტურ წარმოებას ხელი შეუშალონ. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული პირების წინააღმდეგ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება სხვა ფაქტზეც 2016 წლიდან მიმდინარეობს.
საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.