პარლამენტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრას პარლამენტის წევრების გარდა, აღმასრულებლის ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ როგორც განხორციელებულ, ასევე, განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.
„2014 წლიდან ჩვენ რადიკალურად განსხვავებული საკანონმდებლო ბაზა გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების როგორც უფლებებთან, ასევე, მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები რამდენიმე წლის წინ გატარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი საჭიროებებიც გაჩნდა და უკვე მზად ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ დეპუტატებმა დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა. „თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ყველაფრის შეჯერებით, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ, ცვლილებების მორიგი ტალღა განვახორციელოთ, რაც მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი განმარტებით, კანონმდებლობის დახვეწა, როგორც წესი, წინ უსწრებს პრაქტიკის გაუმჯობესებას, შესაბამისი პროგრამების შექმნას.

„კარგ კანონმდებლობას მოჰყვება ხოლმე შესაბამისი ნაბიჯები აღსრულების პროცესში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხრიდან ეს მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელსაც შემდგომ უკვე სწორი იმპლემენტაცია მოჰყვება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ.
„პარლამენტის სხვა წევრებიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ საკითხების გასატანად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
„საკანონმდებლო დონეზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების ვალდებულება აღებული გვაქვს ჩვენ, როგორც ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით, ასევე, იგი UPI-ის ფარგლებში, ერთ-ერთი რეკომენდაციაც არის. ამიტომ, შეგვიძლია, უკვე გავხსნათ დიალოგი შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირების შესახებ. ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რა შეგვიძლია ამ კუთხით გავაკეთოთ“, – მიმართა ღინისძიებაში მონაწილეებს სოფო კილაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს.
„ჩვენი კომიტეტისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის უფლება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური პროგრამების აღსრულების კუთხით, გვქონდა საკომიტეტო მოსმენა. ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ეს პროგრამები იქნება დაფინანსებული იმ მოთხოვნების ფარგლებში”, – აცხადებს ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები