მიხეილ ჯანელიძე თინა ბოკუჩავას: ინფორმაციას ან სწორად არ ეცნობით, ან დეზინფორმაციას ავრცელებთ

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონგოში გატაცებულ ქართველ მფრინავ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებებს  პასუხობს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, რაც ბოკუჩავამ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო, ინფორმაციას ან სწორად არ ეცნობა, ან დეზინფორმაციას ავრცელებს. ჯანელიძის თქმით, სამინისტროს არასდროს უთქვამს, რომ გარდაცვლილია სოსო ოსორაული.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს არასდროს უთქვამს, რომ გარდაცვლილია, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ. ელჩმა თქვა, რომ ვიღებთ სხვადასხვა ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიგვეწოდებინა ოჯახისთვის, მათ შორის ის, რომ არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ოჯახმა გაიგო დახურულ ფორმატში და ოჯახი იყო პირველი, რომელსაც ეს ინფორმაცია გავუზიარეთ. რაც შეეხება სპეციალურ წარმომადგენელს, ის სამუშაო, რომელიც შეასრულა ჩვენმა ელჩმა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი. ელჩმა გააკეთა მაქსიმუმი და ვერანაირი სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმიანობას სხვაგვარად ვერ შეასრულებდა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულზე გაავრცელა ინფორმაცია, მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
”მაინტერესებს თქვენი პასუხი კონგოსთან დაკავშირებით. მაინტერესებს, რატომ იკავებს თავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ კონგოში დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რათა ჩავიდეს კონგოში და არ მოხდეს ისეთი რამ, რაც ახლა ხდება? საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკეთებენ დაუსაბუთებელ განცხადებებს. ეს ჩვენი ქვეყნის და დიპლომატიური სამსახურების სირცხვილია. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რომელიც არ დასტურდება, რაც უარყოფითად ურტყამს ჩვენს იმიჯს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები