მარიამ ჯაში მარიკა ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართველ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ მარიკა ლორთქიფანიძეს 95 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, შემოვუერთდე ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას. დღეს მე სტუმრის სტატუსით ვესწრები, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ჩვენ აუცილებლად გვექნება დღე, როცა თქვენს საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ. ჩემს კოლეგებთან ერთად, გვექნება თქვენი მასპინძლობის და თქვენი ღვაწლის განსაკუთრებული დაფასების შესაძლებლობა”, – მიმართა მარიამ ჯაშმა მარიკა ლორთქიფანიძეს.

მისი მოსაზრებით, საქართველოში ვერ მოიძებნება სხვადასხვა ასაკის თუ პროფესიის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იცნობდეს ქალბატონი მარიკას მოღვაწეობას და უაღრესად დიდ პატივს არ სცემდეს მას, როგორც გამოჩენილ ქალბატონს, ისტორიკოსს, მეცნიერს.

„ყველასთვის ცნობილია ჩამონათვალი სახელმწიფო ჯილდოების, რომელიც ქალბატონ მარიკას მიენიჭა მისი მოღვაწეობის მანძილზე. ქალბატონი მარიკა ივანე ჯავახიშვილის, ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია, რომელიც 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. თუმცა არ შემიძლია, არ გამოვყო ის ფაქტი, რომ 2000 წელს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000″, რაც იყო ჩვენი მეცნიერების საერთაშორისო აღიარება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც მარიამ ჯაშმა საიუბილეო საღამოზე აღნიშნა, თაობები იზრდებოდნენ მარიკა ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოებზე. მას გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 10 წიგნი; რუსულ ენაზე თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა”, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა”. მისი თაოსნობით, 1996 წელს, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

მარიამ ჯაშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. მან გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ მისი, როგორც გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის როლი. გაიხსენა, ასევე, ქართული ენის ოფიციალურ ენად შენარჩუნების პროცესში მისი განსაკუთრებული წვლილი.

„თქვენ ბრძანდებით საზოგადოებისთვის ფუნდამენტი მეცნიერების, აკადემიურობის და ეროვნული ღირსებების გამაერთიანებელი სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი”, -მიმართა მან მარიკა ლორთქიფანიძეს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღის თარიღისთვის (28 აგვისტო) კომიტეტი პარლამენტში საიუბილეო ღონისძიებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები