„ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ნარკოკარტელში იყო ჩართული, საქართველო ავღანური ჰეროინის ტრასა იყო

„ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ნარკოტიკების მომხმარებელზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა გავრცელდეს, საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს და მხარს დაუჭერს, თუმცა ადმინისტრაციული სასჯელი მომხმარებლებზე დარჩება” ,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
​გაჩეჩილაძის თქმით, კანონის მიღებამდე და ამოქმედებამდე, პარალელურად, დაიწყო ნარკოდამოკიდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება, რისი სრულად ამუშავების შემდეგაც, დეპუტატის თქმით, რეაბილიტაციის სისტემა უკვე აწყობილი იქნება.
„ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხმარებლის ციხეში გაშვება არის ანტიკონსტიტუციური. საქართველოს პარლამენტი ამას, რა თქმა უნდა, გაიზიარებს და მომხმარებელზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება. რეალიზატორებთან დაკავშირებული საკითხი უფრო მკაცრდება. მომხმარებლისთვის ადმინისტრაციული სასჯელი, ჯარიმები და სხვა ძალაში დარჩება. მომხმარებლებისთვის რეაბილიტაციის პროგრამები დაგვჭირდება, რომელიც ახლა მუშავდება. კანონი მალე შევა ძალაში და იმ დროისთვის რეაბილიტაციის სისტემა უკვე აწყობილი იქნება”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძის თქმით, ნარკომანიასთან დაკავშირებით, მოქმედმა ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. დეპუტატმა ყოფილი ხელისუფლება ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობაში, ე.წ. ბარიგებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის თქმით, არსებობდა სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველო ნარკოტრაფიკის ტრასა იყო და სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკი ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში ხვდებოდა, აქ დარჩენილი ნარკოტიკის ნაწილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში მყოფი ნარკორეალიზატორების” მიერ იყიდებოდა.
„ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ანეკდოტური. „ნაციონალები“ ითხოვენ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტი ლიბერალიზაცია მოხდეს. 2009 წელს „მწვანეთა პარტიამ“ ჩავატარეთ პრესკონფერენცია ნარკოკარტელთან დაკავშრებით. ჩვენ გამოვიტანეთ საჯაროდ მასალები იმის შესახებ, თუ როგორ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული საერთაშორისო ნარკოკარტელში და როგორ იყო საქართველო გადაქცეული ავღანური ჰეროინის ტრასად. ეს იყო გაეროს მასალები, რომლის მიხედვითაც, დადგენილი იქნა, რომ ავღანეთიდან საქართველოს გავლით, ევროკავშირში, ბორნების საშუალებით, ასევე, ტრაილერებით, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიას კვეთდა, ყოველწლიურად, 7 ტონა სუფთა ჰეროინი გადიოდა. აქედან 6 ტონა პირდაპირ ევროკავშირში, ერთი ტონა კი უკრაინაში გადიოდა. ამათ გარდა, 2 ტონა საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა. ამ 2 ტონა ჰეროინის რეალიზაცია ხდებოდა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისმიერ სტრუქტურებს დაქვემდებარებული „ბარიგების“ საშუალებით, რომელსაც ისინი არ იჭერდნენ და იჭერდნენ მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლებს. ეს იყო მილიარდებთან დაკავშირებული სქემა და მე მგონი, მაგ ფულით არსებობენ დღემდე. სავსე იყო ციხეები მომხმარებლებით და ეს ხალხი გამოდის ახლა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრობს. აშშ-ის და გაეროს მაშინდელი შეფასებებით, წინა წლებში, 80 000 მარტო ინტრავენური ნარკომანი გაჩნდა საქართველოში. ჰეროინი უმძიმესი ნარკოტიკია და მისი გადაჩვევა ძალიან რთულია. ეს პრობლემა ჩვენ მემკვიდრეობით დაგვრჩა. მისი მოგვარება იოლი არ არის. პირველი, რაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაკეთდა, იყო ის, რომ ეს ტრასა ჩაიკეტა. ამას საქართველოში მძიმე ნარკოტიკების დეფიციტი მოჰყვა და აქედან წამოვიდა სააფთიაქო ნარკომანია. რეფორმის შემდეგ, 90%-მდე შემცირდა უკვე სააფთიაქო ნარკომანიაც და სწორედ ამან შედარებით მსუბუქ ნარკოტიკზე მოთხოვნა გაზარდა. ანაშა და მარიხუანა საზოგადოებას ჰგონია მსუბუქი ნარკოტიკი. არსებობს გაეროს კონვენცია ნარკოტიკების შესახებ, რომლის მიხედვითაც, კანაბასი, იგივე მარიხუანა, პირველი კატეგორიის ნარკოტიკში შედის. იმ კატეგორიაში, სადაც შედის ჰეროინი, კოკაინი და სხვები…“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები