დავით ნარმანია: ჩვენ და „სითი პარკი“ დღემდე ვრჩებით უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად

“ჩვენ და „სითი პარკი“ დღემდე ვრჩებით უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
​როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიას „სითი პარკთან“ საკმაოდ რაციონალური წინადადებები ჰქონდა, თუმცა კონსენსუსამდე მისვლა ვერ მოხერხდა.
„ჩვენსა და „სითი პარკს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან მათი მხრიდან არ გადმოიდგა არცერთი ნაბიჯი ჩვენკენ, შესაბამისად, არც ჩვენ არ გადავდგით არცერთი ნაბიჯი მათკენ, დღემდე ვრჩებით უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, მოგვეწესრიგებინა ის ქაოსი, რაც არსებობს და იგივე ავტომანქანების „გატაცების“ ფაქტები, რომლებსაც ხშირად აქვს ადგილი, შეგვეცვალა ადგილზე დაჯარიმებით, შეგვეცვალა ბიუჯეტებს შორის თანხების განაწილების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ბიუჯეტი მიიღებდა მეტ თანხებს და ამ თანხებს მოვახმარდით ახალი ავტოსადგომების მშენებლობას. გვქონდა საკმაოდ რაციონალური წინადადებები, თუმცა, ვინაიდან საქმე გვაქვს წინა ხელისუფლების დროს კორუფციული გარიგებით დადებულ კაბალურ ხელშეკრულებასთან, ამ ხელშეკრულების ცვლილება ვერ მოხერხდა“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე,რატომ არ გაწყვიტა მერიამ კონტრაქტი „სითი პარკთან“, როცა საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ მერიას შეეძლო იმ 25 მილიონი ლარის მოძიება, რომელიც ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაეხადა „სითი პარკისთვის“, ნარმანია აცხადებს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რა მიმართულებას უნდა მოჰკლებოდა 25 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან.
​„ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ „სითი პარკთან“ გავწყვეტთ ხელშეკრულებას, ქალაქის ბიუჯეტიდან მინიმუმ, 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს კომპანიისთვის, ამიტომ ასეთი მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხა გამოგვეყო და ისედაც ყაჩაღი კომპანიისთვის კიდევ დამატებითი თანხა მიგვეცა. რას უნდა მოვაკლო მე ქალაქის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარი, რომ გადავუხადო „სითი პარკს“? სოციალურად დაუცველებს მოვაკლო, საბავშო ბაღებს, გამწვანებას, ინფრასტრუქტურას თუ რას მოვაკლო? მე ეს კითხვა დავსვი თბილისის საკრებულოში და კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე’, -აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები