„ახალგაზრდა ადვოკატები“: რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზს მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს სვამს. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ია გოგნაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ორგანიზაცია დაინტერესებული იყო, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია შეესწავლათ და აღნიშნული თანხების მიზნობრიობას გაცნობოდნენ. გარდა ამისა გოგნაძის თქმით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი იქნა სააგენტოს გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები.
„ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომლის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს – 5 600 000 ლარით, 2015 წელს – 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს – 2 322 200 ლარით“, – განაცხადა ია გოგნაძემ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან, სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლების შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი, დანამატმა კი – 15 000 ლარი. 2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ – 35 400 ლარს, პრემიამ – 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა – 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა – 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი.
ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ – 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა – 10 000 ლარი. 2015 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა – 30 272 ლარი, პრემიამ – 2 160, ხოლო დანამატმა – 13 100 ლარი. 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებაზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს – 524 395.00 ლარი, 2014 წელს – 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს, პრემიის სახით, გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 191,700 ლარი. 2015 წელს, პრემიის სახით, გაიცა – 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 122,450. 2014 წელს კი პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი.
გოგნაძის თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზს მოითხოვს.
„ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი აქვს დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ჩართვას. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად მიესალმება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც მიმართულია სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წინაშე მდგარი საკითხების გადაჭრისა და მათზე რეკომენდაციების, შუამდგომლობების მომზადების მიმართულებით. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სააგენტოს რეკომენდაციები და შუამდგომლობები სრულად იქნეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. სააგენტოს მეტი გამჭვირვალობისთვის, საჭიროდ მივიჩნევთ, ხელმისაწვდომი იყოს კომისიის სხდომის ოქმებიც, ვინაიდან საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა ტიპის საკითხებზე და რამდენად სამართლიან გარემოში ხდება სახელმწიფოს რეაგირება. მივესალმებით სააგენტოს საგანმანათლებლო საქმიანობას, რელიგიის თავისუფლების შესახებ ევროსასამართლოს, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის დამკვიდრებას, ასევე, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო ქვეყნების კანონმდებლობის გავრცელების ხელშეწყობას. საჭიროდ მივიჩნევთ, სააგენტომ თავისი საქმიანობა გააფართოვოს, იურიდიულ პროფესიაში მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით“,- აღნიშნა ია გოგნაძემ.
​იურისტის განცხადებით, საჭიროა, ეროვნული დონის საერთო სასამართლოების მხრიდან, რელიგიის თავისუფლების და რელიგიური დისკრიმინაციის დავების შესწავლა და განზოგადება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები