დავით ნარმანია: დედაქალაქის გენერალური გეგმა თბილისის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება

“დედაქალაქის გენერალური გეგმის მომზადება პრაქტიკულად დასრულებულია, დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
​როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის გენგეგმის პროექტის საბოლოო ვერსია თბილისის საკრებულოს, სავარაუდოდ, სექტემბერში წარედგინება.
„დედაქალაქის გენერალური გეგმის მომზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი სპეციალისტების ფართო ჩართულობით მუშავდებოდა. ეს დოკუმენტი გვთავაზობს ქალაქში ზონირებებს, აქ იქნება ის ტერიტორიები გამოყოფილი, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში უნდა განვითარდეს, იქნება გარკვეული შეზღუდვები იმ ქუჩებზე, სადაც ისედაც მაღალი სიმჭიდროვეა და შეუძლებელია, კიდევ მჭიდროდ განვითარდეს. იქნება 40-ზე მეტი სხვადასხვა სახის რუკა, რომელზეც დეტალურად იქნება დატანილი სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმები, საბოლოოდ, ძალიან სერიოზულ დოკუმენტს ვიღებთ, რომელიც ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი კონსტიტუცია იქნება. ჩვენ, ზაფხულის განმავლობაში, ვგეგმავთ საჯარო განხილვების ჩატარებას, განხილვები ჩატარდება ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არქიტექტორთა ასოციაციაში, ასევე, ვგეგმავთ გენერალური გეგმის საჯარო განხილვას მეცნიერებათა აკადემიაშიც, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა მაქსიმალურად წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, შენიშვნები, მოსაზრებები, დაიხვეწება დოკუმენტი და საბოლოო ვერსიის საკრებულოში შეტანას სექტემბრისთვის ვვარაუდობთ, რათა საკრებულომ განიხილოს ის და შესაბამისად, დაამტკიცოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ​
​როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გენგეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მდინარე მტკვრის რეკრეაციული დატვირთვით გამოყენებას.
​„მტკვრის გამოყენება უფრო მეტი რეკრეაციული დატვირთვით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს პრაქტიკაში. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ადგილზე გვაჩვენეს, თუ როგორ განახორციელეს მიუნხენის ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი. გენერალური გეგმის ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილია აბანოთუბნის ერთი ნაწილის გახსნის იდეა, რათა მოქალაქეებს სანაპიროსთან უფრო ახლოს მისვლა შეეძლოთ. მორე მხრივ, საუბარია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, რომელიც სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. შემოთავაზებულია მდინარის ნაპირის ისეთნაირად გაკეთება, რომ იქ, მოქალაქეების განტვირთვის მიზნით, საინტერესო სივრცე მოეწყოს. მდინარე მტკვარი საბჭოთა კავშირის არსებობის შემდეგ არ გაწმენდილა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ნარჩენებისგან გაგვესუფთავებინა. ეს ნარჩენები ეკოლოგიურად გარკვეული საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო ამ სამუშაოებში ჩართვისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები